ახალი ამბები

კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ ზურაბიშვილს “ქართულ ოცნებასთან”

1 მაისი, 2019 • 1687
კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ ზურაბიშვილს “ქართულ ოცნებასთან”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვს და, შესაბამისად, მისი ამ პარტიასთან გაიგივება არასწორია:

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან.“ ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები. რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, პარტიასთან, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომეს”, – ამბობს კალაძე.

მისი თქმით, აშშ ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ევროპასა და ნატოსთან თანამშრომლობა კი ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების არჩევანია:

“გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია, ნატოსთან თანამშრომლობა. ამერიკა, თქვენ იცით, რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – ამბობს კახა კალაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით სარგებლობდა, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ფიქრობს, საქართველოში ამერიკული ბაზების აშენება რეკომენდებულია.

ვრცლად წაიკითხეთ:

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდირებული იყოს – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი