ახალი ამბები

“არ ვარ მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის” – ნიკოლოზ რაჭველის განცხადება 17 მაისის კონცერტზე

1 მაისი, 2019 • 3748
“არ ვარ მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის” – ნიკოლოზ რაჭველის განცხადება 17 მაისის კონცერტზე

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის თქმით, 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ის Facebook-ზე წერს, 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის საკითხის შესახებ არ ისაუბრებს, რადგან მზად არ არის “ინტერნეტ-ბულინგისთვის”, რომელიც მის განცხადებას მოჰყვება.

“ისტორია იყო ასეთი: ჩემს მეგობარ ნინო ქათამაძეს შეთავაზეს 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღება. ნინომ უპასუხა პროფესიონალურად, რომ მას სცენაზე გამოსვლისათვის ესაჭიროება ინსტრუმენტული ანსამბლი და ორკესტრის მუსიკოსები, ასევე- მე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა გამოსვლას და სიმღერის შესრულებას. ორგანიზატორები ვიდრე მე მიპოვნიდნენ (ეს ყველამ იცის, რომ საკმაოდ რთულია ხოლმე ზოგჯერ), ნინოს სახელი აფიშაში დაბეჭდეს და მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გასაჯაროვდა. პარალელურად, ვინაიდან 15 მაისის კონცერტის შემდეგ მივემგზავრები გერმანიაში, სადაც მაქვს ჩაწერები ბერლინის ორკესტრთან ერთად, ნინოც დათანხმდა შემოთავაზებებს (რაც ყოველთვის უხვად აქვს) და დანიშნა საკონცერტო ცხრილი, რის მიხედვითაც მაისის შუიდან ივნისამდე პრაქტიკულად არ მოუწევს თბილისში ყოფნა. ამ დროს გაკეთდა განცხადება, რომლის სათაურად გატანილმა წინადადებამ- “ნინო ქათამაძემ უარი თქვა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე”- გამოიწვია სოციალურ ქსელით მოსარგებლე ადამიანთა შეუმდგარ, გაბოროტებულ, მართლაც ცოდვილ და გაუნათლებელ ნაწილში ნინოსადმი აგრესიის გამოხატვის დიდი ტალღა. გულდასმით წავიკითხე გამეტების, დაცინვის, სიძულვილის ენაზე ამეტყველებული მართლმადიდებლობის და სიწმინდეების “დამცველთა” ნააზრევი და ერთ რამეს მივხვდი: ყოველი სიტყვა მართლაც რომ მძიმე ცოდვად მოეკითხებათ მათ ავტორებს, ნინო ქათამაძე კი უკვე ჩვენი ქვეყნის მუსიკის ოქროს ისტორიაა და მისი სიმღერით ჩვენ, უბრალო მსმენელებს და ადამიანებს, ღმერთი ყოველთვის გაგვაგებინებს თავის ხმას!

P.S. რაც შეეხება თავად 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეას – არ მინდა გამოვხატო ჩემი მოსაზრება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი ტრაგედია სჭირს: ადამიანებს არ შეგვიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და პატივისცემა! ეს მართლა ტრაგედიაა და ვიდრე ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება პროგრესს არ განიცდის, მანამდე არაფერი გვეშველება. და არც მე ვარ მორალურად მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის, სწორად გამიგებთ, იმედი მაქვს…

P.P.S. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უკვე როგორც სტიქაროსანი. სოლიდარულობის უნარს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას ჩვენს ირგლივ”,-წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გუშინ, 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ  ნინო ქათამაძე 17 მაისს სამების ტერიტორიაზე “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.

“ვფიქრობ, რომ ოჯახის სისწმინდესთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე,”-უთხრა ნეტგაზეთს ნინო ქათამაძემ.

აფიშის მიხედვით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

ნინო ქათამაძის გარდა, 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ ანსამბლი “შვიდკაცა”, ასევე, მომღერლები- ნატო მეტონიძე და აჩიკო ნიჟარაძე. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი