პრემიერი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იუსტიციის მინისტრთან ერთად საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. ეს ცენტრი მოქალაქეებს პირადობის, პასპორტის, ბინადრობის მოწმობების აღებისა და სხვა სახელმწიფო სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი 200–ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად  სახელმწიფო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. საქართველოში უკვე მოქმედებს 12 საზოგადოებრივი ცენტრი, რომლებსაც წლის ბოლომდე კიდევ 4 შეემატება.

 

ღარიბაშვილმა მოსახლეობას ინფორმაცია მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებაც მიაწოდა.

 

„ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ცხოვრების პირობები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თქვენი ყოველი პრობლემის სიმძიმე ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ კიდევ მრავალ გეგმას განვახორციელებთ ხეობაში, არაერთ პრობლემას გადავჭრით და თქვენ სულ უფრო დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ. ხელისუფლება თქვენ გვერდითაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობას.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია დუისის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ალაზნის ნაპირდამცავი ნაგებობების პრობლემის მოგვარება.

 

“ასევე, განხორციელდება დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტება, მოწესრიგდება სოფლების შიდა გზები, გადაიჭრება ელექტრომომარაგების პრობლემა დაგანხორციელდება ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია,”– ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ქეთი მაჭავარიანი