ახალი ამბები

ვენესუელა: მადურო უარყოფს კუბაში გაფრენის გეგმას, აშშ რუსეთს ადანაშაულებს

1 მაისი, 2019 • 1095
ვენესუელა: მადურო უარყოფს კუბაში გაფრენის გეგმას, აშშ რუსეთს ადანაშაულებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სიტყვით მიმართა მოსახლეობას და უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მადურო კუბაში გაფრენას გეგმავდა, თუმცა რუსეთმა გადააფიქრებინა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ოთხშაბათს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადურო მზად იყო, დაეტოვებინა ვენესუელა და ჰავანაში გაფრენილიყო მანამ, ვიდრე რუსები სრულ მხარდაჭერას არ გამოუცხადებდნენ და ეტყოდნენ, რომ არ დაეტოვებინა ვენესუელა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

გარდიანის ცნობით, მადურო გავრცელებულ საათნახევრიან ვიდეოში ასევე ამბობს, რომ სამხედრო პირები, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ, კარაკასში, ბრაზილიის საელჩოში გაიქცნენ.

30 აპრილს ვენესუალაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოქალაქეებს მასობრივი დემონსტრაციისკენ მოუწოდა.

ვიდეომიმართვაში გუაიდო  სამხედროფორმიან პირებთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ სამხედროების ნაწილი ხალხის მხარესაა და არა – დიქტატორის. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა – ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოსულ ხალხის დაშლას სამხედროები წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაუარა ჯავშანმანქანამ დემონსტრანტებს.

გარდიანი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საავადმყოფოებში ათობით დაშავებულია მოთავსებული.

ხუან გუაიდომ ქვეყნის პრეზიდენტად თავი 2019 წლის 23 იანვარს გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა, პირველი ქვეყანა კი, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს  უჭერენ მხარს.

ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმური – ბახტაძე

ვენესუელა: ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა

მასალების გადაბეჭდვის წესი