ახალი ამბებიხელოვნება

ქართულ ფილმს “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ კვლავ უჩვენებენ

30 აპრილი, 2019 • 4161
ქართულ ფილმს “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ კვლავ უჩვენებენ

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი“, რომელიც  1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, 55 წლის შემდეგ კვლავ კანის ფესტივალზე უჩვენებენ – ამჯერად, ფესტივალის სექციაში Cannes Classics. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” „თეთრი ქარავანი“ საქართველოს დაუბრუნდა ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების  პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეისთვის, საქართველოში  უკვე ჩამოტანილია 34 ფილმი, რომლებიც ფილმსაცავის აშენებამდე ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

კინოცენტრი იუწყება, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფილმის „თეთრი ქარავანი“ კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე, ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად, გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

ფილმის ორიგინალი ვერსია ქართულ ენაზეა. საფესტივალო ჩვენებისათვის DCP ფორმატში მომზადდა ორი ვერსია – ინგლისური და ფრანგული სუბტიტრებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი