ახალი ამბები

გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციაც დაეკისრა

30 აპრილი, 2019 • 1153
გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციაც დაეკისრა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.

ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ხვალ, პირველ მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი