ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ტვიტი ტრამპს ეკუთვნის, თუ გაქვთ პრეტენზიები, მის ადმინისტრაციას მიმართეთ

30 აპრილი, 2019 • 1249
ჩუგოშვილი: ტვიტი ტრამპს ეკუთვნის, თუ გაქვთ პრეტენზიები, მის ადმინისტრაციას მიმართეთ

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პოსტს საქართველოში. დეპუტატი აცხადებს, რომ ტვიტი დონალდ ტრამპს ეკუთვნის და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, მის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს:

“ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან დადებულ პოსტზე არის ამხელა აჟიოტაჟი საქართველოში. ეს არის ჩემთვის უცნაური, რა მნიშვნელობა აქვს, გაზიარებაზეა თუ რაზე არის. ეს ტვიტი ეკუთვნის აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს. მასთან თუ გაქვთ პრეტენზიები, რას ტვიტავს და როგორ, დაუსვით მის ადმინისტრაციას,” – თქვა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურმა ანგარიშმა ტვიტერზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც იგი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს- რომელიც ახლახან ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში — „მძინარას“ უწოდებს.

ტრამპი წერდა: „მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. აშკარად არ იცის, რომ წელს პენსილვანიას ისტორიის განმავლობაში საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), და დიდი მომავალი აქვს“.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, პოსტი შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის სოციალური მედიის მენეჯერმა.

გაზიარებული პოსტი უკვე წაშლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი