ახალი ამბები

აქტივისტები სუხიშვილებს მოუწოდებენ 17 მაისის კონცერტზე უარი თქვან

30 აპრილი, 2019 • 1485
აქტივისტები სუხიშვილებს მოუწოდებენ 17 მაისის კონცერტზე უარი თქვან

ლგბტქ აქტივისტები სუხიშვილებს მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ გალა-კონცერტში, რომელიც 17 მაისს უნდა გაიმართოს. განცხადებას აქტივისტები ფეისბუკზე ავრცელებენ.

17 მაისს სამების ტერიტორიაზე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები.

“17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს “ოჯახის სიწმინდის დღე” დააარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!” – წერენ აქტივისტები ფეისბუკზე.

დავითიანის აფიშა

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

ნინო ქათამაძე 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე არ იმღერებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი