ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს არ აწყობს

26 ოქტომბერი, 2014 • • 1346
აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს არ აწყობს

მომავალ უშედეგო შეხვედრას პოლიტოლოგები ამ საკითხში რუსეთის სურვილის არარსებობას უკავშირებენ. 

 

“მიზეზი იმისა, რომ 20 წლის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტი მოუგვარებელია, რუსეთის სურვილებს უკავშირდება. მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატიზმის კერების გაჩენას მხარს უჭერს და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კონფლიქტების მანიპულირებისკენ ისწრაფვის. სომხეთი დღეს რუსეთის სატელიტია და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში უჭირს. ამ კონფლიქტის მოგვარება სომხეთს, შესაძლოა, აზერბაიჯანზე მეტად უნდოდეს, რადგან ეს მას რეგიონული იზოლაციიდან გამოიყვანდა. მაგრამ ერევანი დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტს,”- აცხადებს გამოცემასთან საუბარში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, ვაფა გულუზადე. 


თუმცა, მისი აზრით, მსფოლიოში სიტუაცია იცვლება და ერევანი ამას კარგად ხვდება. სწორედ ამიტომ, პოლიტოლოგი მიიჩევს, რომ “პარიზის შეხვედრაზე არ იქნება მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუმცა ამ შეხვედრამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს მოლაპარაკებათა პროცესის ახალი ციკლის დაწყებას.” 

 

პარიზში სერიოზული შედეგების მიღწევაში ეჭვი ეპარება აზერბაიჯანელ პოლიტოლოგსა და პარლამენტის დეპუტატს, რასიმ მუსაბეკოვს. 

 

“ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მიღწეული იქნება შეთანხმება,- დაიწყოს ინტენსიური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი,”- ამბობს მუსაბეკოვი.

 

პესიმიზმით უყურებს საკითხს პოლიტოლოგი ელმან ნასიროვიც. 

 

“სომხეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებს დაძაბული ფონი შეუქმნას. სწორედ 27 ოქტომბერს დანიშნეს ყარაბაღელმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანელი ტყვეების, დილგამ აკსეროვისა და შახბაზ გულიევის სასამართლო პროცესი. მათ იციან, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა,”- ამბობს ნასიროვი. 

 

სომხეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა პარიზში 27 ოქტომბერს შედგება. შეხვედრის მიზანი აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე დიალოგის უზრუნველყოფაა.

 

სამმხრივი შეხვედრების გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრეზიდენტების შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აშშ-დან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს  ©epa 23.01.2012
ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის სამმხრივი მოლაპარაკების დროს ©epa 23.01.2012


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი