ახალი ამბები

აშშ–ის შტატები და ქალაქები კოლუმბის დღეს მკვიდრი ამერიკელების დღით ანაცვლებენ

27 აპრილი, 2019 • 1233
აშშ–ის შტატები და ქალაქები კოლუმბის დღეს მკვიდრი ამერიკელების დღით ანაცვლებენ

აშშ–ში შტატების, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ნაწილი ქრისტეფორე კოლუმბის დღეს მკვიდრი ამერიკელების დღით ანაცვლებს. ამ ფორმით ისინი პატივისცემას გამოხატავენ  ხალხის მიმართ, რომელიც კონტინენტზე იტალიელი მოგზაურის ჩასვლამდე ბევრად ადრე ცხოვრობდა.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამტარებელთა მზარდ სიას ბოლოს ვერმონტისა და მენის შტატები შეუერთდნენ. ორივე შტატის კანონმდებლებმა შესაბამისი კანონპროექტები გასულ კვირას შეიმუშავეს. დოკუმენტებს მხოლოდ გუბერნატორის ხელმოწერა აკლია, რის შემდეგაც კოლუმბის დღე ინდიელი ხალხის დღით ოფიციალურად ჩანაცვლდება.

აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი დები ინგრამი, რომელმაც ვერმონტში კანონპროექტი წარადგინა, აცხადებს, რომ ეს დადებითი ნაბიჯია იმ არასწორი ქმედებების ფონზე, რომლებიც “მკვიდრი ამერიკელი დებისა და ძმების მიმართ” წარსულში ჩაიდინეს.

“ვერმონტი დაფუძნდა მიწებზე, რომელთა თავდაპირველი მკვიდრნი აბენაკები[მკვიდრი ამერიკელები] იყვნენ. ის პატივს მიაგებს მათ და მათ წინაპრებს”, – ნათქვამია კანონპროექტში.

თვის დასაწყისში, ასეთივე ნაბიჯი ნიუ მექსიკოს ხელმძღვანელობამ გადადგა. მანამდე, ასე მოიქცნენ ალასკა, მინესოტა და ორეგონი. უფრო ადრე, 1990 წელს კი, აღნიშნული ნაბიჯი სამხრეთ დაკოტამ გადადგა. კოლუმბის ნაცვლად მკვიდრი ამერიკელების დღე არაერთმა ცალკეულმა ქალაქმა, მათ შორის ლოს ანჯელესმა, დენვერმა, ფენიქსმა და სან–ფრანცისკომ დააწესეს.

ქრისტეფორე კოლუმბის დღეს, რომელიც ოქტომბერში აღინიშნება, კვლავ ფედერალური სტატუსი აქვს აშშ–ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი