მე-11 ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო – ადვოკატი უკრაინელი ბავშვების საქმეზე

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, ამბობს, რომ მე-11 ბავშვი, რომელსაც შსს ეძებს, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. მანამდე შსს-მ გაავრცელა განცადება, სადაც განმარტა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ქალს თან 11 ბავშვი ახლდა. მე-11 არასრულწლოვანს ინტერპოლით ეძებენ.

“ეს არის გამოგონილი ბრალდება.. მე მაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაქვს ექიმის დასკვნა, სადაც წერია, რომ ბავშვი სააბაზანო ოთახში დაიხრჩო. ასევე, რუსეთში ჩატარდა ექსპერტიზაც, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს,” – ამბობს ზურაბ თოდუა ნეტგაზეთთან.

შსს ამბობს, რომ უკრაინელ ქალთან, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებითაა დაკავებული, საქართველოში ჩამოსვლამდე 11 ბავშვი ახლდა თან. ქალი საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, დაკავების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მე-11 ბავშვს ინტერპოლით ეძებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ არ იციან ცოცხალია თუ არა მე-11 არასრულწლოვანი. რაც შეეხება დოკუმენტებს, მათი თქმით, ის პასპორტები, რაც ქალსა და ბავშვებს ჰქონდათ – ყალბია.

შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა.

უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ 10 ბავშვიდან 4 უკრაინელი ქალისა და მისი მეუღლის ბიოლოგიური შვილია, ხოლო 6 – სუროგატი დედგანაა გაჩენილი. მისივე თქმით, ქალი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს.

უკრაინელ ქალს საქართველოში ჩამოსვლამდე 11 ბავშვი ახლდა, მე-11 ინტერპოლით ვეძებთ – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან