უკრაინელ ქალს საქართველოში ჩამოსვლამდე 11 ბავშვი ახლდა, მე-11-ს ინტერპოლით ვეძებთ – შსს

შსს ამბობს, რომ უკრაინელ ქალს, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებითაა დაკავებული, საქართველოში ჩამოსვლამდე 11 ბავშვი ახლდა თან. ქალი საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, დაკავების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მე-11 ბავშვს ინტერპოლით ეძებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის თქმით, ქალი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა და არ აძლევდა საჭირო საკვებსა თუ ტანსაცმელს. რაც შეეხება პასპორტებს, ჭელიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, არასრულწლოვნებისა და თავად დაკავებულის პასპორტები ყალბია.

ჭელიძის თქმით, 10 ბავშვიდან ერთ-ერთმა პოლიციას მოუყვა, რომ ქალი მისი დედა არ არის და სიკვდილის ეშინია.

“გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომელიც საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს ქალის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ დნმ-ის ნიშნები როგორც ბრალდებულისგან, ასევე ბავშვებისგან. ამ პერიოდში მიმდინარეობს კვლევითი პროცესი, რათა დადგინდეს დნმ-ის კავშირი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახს ფინანსური რესურსები არ აქვს. მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ქალს ბავშვების გადაყვანა სურდა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ჩვენ ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციიდან მივიღოთ ინფორმაცია იმ ბავშვის შესახებ, რომლის ადგილმდებარეობაც ამ ეტაპზე უცნობია. საერთოდ არ ჩანს, იგი ცოცხალია თუ არა. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის ფაქტს … ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში, ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ვთანამშრომლობთ აშშ-ის საელჩოსთან, ვინაიდან ერთი ბავშვი არის ამერიკის მოქალაქე, და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს მამუკა ჭელიძე.

მისივე თქმით, ქალი თავად ადასტურებს, რომ ბავშვები მართლაც აფხაზეთში გადაჰყავდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვერ ასაბუთებს.

შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა.

უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს 14-დან-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან