ახალი ამბები

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს 14-დან-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება – შსს

26 აპრილი, 2019 • 1364
ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს 14-დან-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება – შსს

უკრაინელ ქალს, რომელმაც საქართველოში 10 ბავშვი ჩამოიყვანა და რომელსაც ბრალად ტრეფიკინგი ედება, აღნიშნული მუხლით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ქალი დღეს ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოში დააკავეს. რაც შეეხება ბავშვებს, 10-დან 8 სოცსააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა, ხოლო 2 ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკაში რჩება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა”, – წერს შსს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ბრალდებულის შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი. ამასთანავე შსს ამბობს, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე გამოსცა შემაკავებელი ორდერები და მიიღეს ათივე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

“მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან,” – ამბობს შსს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა. უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ვრცლად:

უკრაინელი ქალი, რომელსაც თან 10 ბავშვი ახლდა, დააკავეს, ბავშვები სოცსააგენტომ ზრუნვაში გადაიყვანა

მასალების გადაბეჭდვის წესი