ახალი ამბები

მომხმარებელი არ ვარ, გამოძიებამ ნარკოტიკების რეალიზაცია გამორიცხა – ჯიბღაშვილი

25 აპრილი, 2019 • 1320
მომხმარებელი არ ვარ, გამოძიებამ ნარკოტიკების რეალიზაცია გამორიცხა – ჯიბღაშვილი

ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. დღეს, 25 აპრილს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჯიბღაშვილმა თქვა, რომ ადამიანები ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. როგორც ის ამბობს, როცა ადამიანი ნარკოტიკს პირადად მოიხმარს, ის არავის არაფერს უშავებს და ზიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოაქვს.

“მომხმარებელი არ ვარ. გამოძიებამ რეალიზაცია ყველანაირად გამორიცხა. ჩემს შემთხვევაში რეალიზაციის მიმართულებაზე ეჭვიც არ ყოფილა. მე ბრალი შეძენა-შენახვაზე წამიყენეს,”-აცხადებს ლევან ჯიბღაშვილი.


ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს ორთაჭალაში დააკავეს, რა დროსაც  საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები იყო: კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

ლევან ჯიბღაშვილმა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა სასამართლო პროცესზე და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პროკურატურა პროცესზე ითხოვდა 15000-ლარიან გირაოს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი