ახალი ამბები

თუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ მუხლით გაათავისუფლდა, ჩემი ფეხით წავალ ციხეში – ჯიბღაშვილი

25 აპრილი, 2019 • 1327
თუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ მუხლით გაათავისუფლდა, ჩემი ფეხით წავალ ციხეში – ჯიბღაშვილი

ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის თქმით, იმავე ბრალდებით გირაო ბევრ ადამიანს შეეფარდა, შესაბამისად, ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეეფარდა. ჯიბღაშვილის მტკიცებით,  გირაოს შეფარდებისას მოსამართლემ გარკვეული გარემოებები გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ ამ დრომდე ადმინისტრაციული წესითაც კი არ ყოფილა დაჯარიმებული.

“არ მინდა ისე მოხდეს, რომ სხვები ციხეში მიდიან და მე გამანთავისუფლეს. ჩემამდე და ჩემს შემდეგაც ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლდა იგივე მუხლით ან უფრო ნაკლები თანხით. ანუ მე არ ვარ ერთადერთი, რომელმაც ციხე გირაოს სანაცვლოდ დატოვა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როცა სხვა ადამიანები ციხეში სხედან, მაგრამ შეიძლება ვიღაც ნასამართლევი იყო ან სხვა რამ… არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა საზოგადოებისგან ამხელა აგრესია წამოვიდა, ჩემს ადვოკატებს ვეუბნებოდი, თუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვარ და იგივე მუხლით სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანები ციხეში არიან, მაშინ ჩემი ფეხით წავალ იქ. მათ მითხრეს, რომ ასე არ იყო,”-განაცხადა ტვ პირველის ეთერში ჯიბღაშვილმა.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს ორთაჭალაში დააკავეს, რა დროსაც  საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები იყო: კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

ლევან ჯიბღაშვილმა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა სასამართლო პროცესზე და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პროკურატურა პროცესზე ითხოვდა 15000-ლარიან გირაოს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

რა დაგვანახა ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულისთვის დაკავება – გათავისუფლებამ

მასალების გადაბეჭდვის წესი