იანვარში გაორმაგდა საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა – რა ელის უვიზო რეჟიმს?

2019 წლის იანვარში საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია, ხოლო 2017 წლის პირველ თვესთან შედარებით, როდესაც ჯერ უვიზო რეჟიმი არ მოქმედებდა – გაოთხმაგებულია.

ამას მოწმობს მონაცემები, რომელიც ნეტგაზეთმა ევროსტატის ვებგვერდზე გადაამოწმა.

ამავე თემაზე – ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო] 

2019 წლის იანვრის მდგომარეობით საფრანგეთში საქართველოს 920 მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს. ამ კუთხით საფრანგეთი ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის TOP დანიშნულების ადგილია.

მეორე ადგილზე გერმანიაა, სადაც 2019 წლის იანვრის მონაცემებით თავშესაფარს 550 ქართველი ითხოვს. გერმანიასთან მიმართებაში შეინიშნება კლება: 2018 წლის იანვარში თავშესაფარს 755 ქართველი ითხოვდა.

თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სტატისტიკა მზარდია ესპანეთში. 2019 წლის იანვარში ესპანეთში საქართველოდან თავშესაფარს 215 ქართველი ითხოვს, 2018 წლის იანვარში ეს რიცხვი 30 იყო, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 0.

წყარო – ევროსტატი

ევროპის თავშესაფრის მაძიებელთა მხარდამჭერთა ოფისის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში საქართველო იმ TOP 10 ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებიც ევროპაში ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს. ათეულში ასევე შედიან ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, ვენესუელა, ალბანეთი, კოლუმბია. ამასთან, საქართველო მოლდოვასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ნაკლებად იღებენ თავშესაფარს (3%).

მაგალითად, 2019 წლის იანვარში განხილული 1446 საქმიდან თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 12-მა მოქალაქემ მიიღო, თებერვალში განხილული 1502 საქმიდან კი თავშესაფრის მოპოვება მხოლოდ 29 ქართველმა მოახერხა.

საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უკანონო მიგრაცია იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის თბილისში სამუშაო ვიზიტის საფუძველი გახდა. სიმონ მორდუსთან შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს უვიზო რეჟიმს “განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევებს, მათ შორის, ხაზი გაესვა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ფიქსირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების რიცხვი, მაშინ როდესაც ამ მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა არ კმაყოფილდება, რადგან ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს.

2018 წელს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს 17 980-მა მოქალაქემ მიმართა.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ თვშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე რეალური ხდება საფრთხე, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვონ.

“[შეჩერების] საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საჯაროდ არ გაკეთებულა განცხადება რომელიმე ქვეყნის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნაზე. ვიცი, რომ დახურულ კარს მიღმა ხშირად არის ხოლმე ამაზე ლაპარაკი – როცა საქართველოს წარმომადგენლები ჩადიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან მათი წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში. ის, რომ  შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. საქართველოს მოქალაქეების უკან მობრუნების მაჩვენებელი და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა არის საფუძველი იმისა, რომ რომელიმე ქვეყანამ შეჩერების მექანიზმი გამოიყენოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩხიკვაძემ.

ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს ამ პრობლების გადასაჭრელად ძალიან ცოტა რესურსი აქვს, ვინაიდან მიგრაციას ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ფონი განაპირობებს, რომლის გამოსწორებაც ერთი ხელის მოსმით შეუძლებელი იქნება.

“ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღონ არა ტექნიკურად, არამედ შეხედონ მას პოლიტიკურ ჭრილში – რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ძალიან კარგ საბაბს მისცემს პრორუსულ და ანტიევროპულად განწყობილ ძალებს ქვეყანაში”, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ “ამჟამად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის ოფიციალურ დღის წესრიგში არ დგას”, თუმცა აცნობიერებენ არსებულ სირთულეებს და  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ირგვლივ არ დაიწყოს იგივე პროცესები, რაც ალბანეთის შემთხვევაში – ახლახან ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა ალბანეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და მთავრობას შესაბამისი პროცედურების დაწყება დაავალა.

უვიზო რეჟიმის დარღვევების პრევენციის მიზნით, ქართულმა მხარემ უკვე განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი – გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული  ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა “სისხლის სამართლის კოდექსში” და უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობა დასჯადი გახადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დირექტორატის ინფორმაციით, შემდგომი ნაბიჯები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, როგორიც არის დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, ევროკავშირის სააგენტოებთან, პირველ რიგში, FRONTEX-თან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, კრიმინალთან ბრძოლის სფეროში წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შექმნა და სხვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა დამატებითი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობაში.


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის და შენგენის წევრ 30 სახელმწიფოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.

რა შემთხვევაში (ვერ) მიიღებთ თავშესაფარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში? – შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად საკმარისი ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ.

ვის შეუძლია ევროპაში თავშესაფრის მიღება [ტესტი]

ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.