რა აჩვენა ვაკეში მუშების დაღუპვამ შრომის უსაფრთხოების პრევენციულ სისტემაზე

3 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე დაღუპული ორი მუშის გარდაცვალების ფაქტი მედიაში მსუყედ გაშუქდა. ობიექტი შემოწმდა მუნიციპალური და შრომის ინსპექციების მიერ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის შედეგადაც სამუშაოების მწარმოებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორს პატიმრობაც შეეფარდა. თუმცა, პრევენციული მექანიზმების გარეშე, ამგვარი რეაგირებითი ღონისძიებების ერთობლიობა,  რაც არ უნდა ეფექტიანი იყოს,  მომავალში თავიდან ვერ აგვაცილებს ადამიანების მასობრივ დაღუპვას სამუშაო ადგილებზე.

შესაბამისად, სასოწარკვეთილებითა და სიბრაზით დასმული შეკითხვა – ვინ არის პასუხისმგებელი? -უხერხულობას და დისკომფორტს ქმნის, რადგან ეს შეკითხვა უფრო აქტუალური ხდება ფატალური შემთხვევების დროს და გამოკვეთს შრომითი უსაფრთხოების ისეთი სისტემის საჭიროებას, რომელიც დადგომამდე შეაფასებს და დააზღვევს რისკებს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ პრევენციული სისტემაა შრომის უსაფრთხოების დაცვის გარანტი. რეაგირების მექანიზმები კი ავსებს და ეხმარება რისკების იდენტიფიცირებისა და მათი თავიდან აცილების საკანონმდებლო და პრაქტიკულ მექანიზმებს.

ვინაიდან არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სამშენებლო სამუშაოებზე 80 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული, წინამდებარე ტექსტი მიმოიხილავს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების პრევენციული სისტემის პრობლემებს, რაც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობისას მუშების დაღუპვის ფაქტმა გამოავლინა.

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უგულებელყოფილი რისკები

კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, კერძო სექტორს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე შეუძლია მშენებლობის განხორციელება, თავის თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ნებართვის გაცემამდე შეისწავლოს საქმესთან კავშირში მყოფი ყველა არსებითი გარემოება და დააზღვიოს რისკები. საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მშენებლობის ნებართვების წესსა და სანებართვო პირობებს არეგულირებს, ადგენს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რაც განმცხადებელმა მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს. ჩამონათვალში, საპროექტო და არქიტექტურული დოკუმენტაციის გარდა, გარემოს მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელი რიგი კვლევებიცაა მოთხოვნილი. კვლევების წარდგენის მთავარი მიზანია, ნებართვის გამცემმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის სიცოცხლის რისკებთან დაკავშირებით.

თუმცა კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობის ვიწრო ფარგლებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფორმალური და შინაარსისგან დაცლილი პრაქტიკის დამკვიდრების საფუძველი ხდება. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ის  იფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, წარმოდგენილია თუ არა კანონით მოთხოვნილი კვლევა და ხელმოწერილია თუ არა ის კვლევის ავტორი სპეციალისტის მიერ.

მუნიციპალიტეტი შინაარსობრივად არ ამოწმებს წარმოდგენილ კვლევებს.

ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობის ამგვარ შეზღუდვას ისიც ამყარებს, რომ მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა, კანონმდებლობის თანახმად, ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საკანონმდებლო ხარვეზის გარდა, აქ ინსტიტუციურ პრობლემასაც ვაწყდებით, ვინაიდან მუნიციპალური ორგანოები არასაკმარისი ადამიანური რესურსის პირობებში მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის აღმრიცხავ უწყებებად არიან ქცეულნი.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობას თან ახლავს ექსპერტის მიერ შედგენილი კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნები, რაც საბოლოოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი გახდა. კონსტრუქციული ექსპერტიზის დასკვნა განმარტავს, რომ „სამშენებლო ტერიტორია უმნიშვნელოდ დამრეცია, ქვაბულის ფერდები ბუნებრივი ქანობებითაა გათვალისწინებული და, შესაბამისად, არ ითხოვს დამატებით გაძლიერება-გამაგრებას“. ხოლო გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ „ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოები სამშენებლო ობიექტზე აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებს, რის გამოც წარმოდგენილი ანგარიში იმსახურებს დადებით შეფასებას“.  ამ დასკვნების მიუხედავად, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის სიკვდილი, გაძლიერება-გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას, სწორედ  მიწის ჩამოშლის შედეგია.

გეგმური შემოწმებების სისუსტე და არაეფექტიანობა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიმდინარე მშენებლობების სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობას და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების პროცესს ზედამხედველობს. ამ უფლებამოსილების ფარგლებში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფატალურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა ჭავჭავაძეზე მიმდინარე მშენებლობა. მათ ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები შეუფერხებლად გაგრძელდა.

ის ფაქტი, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გეგმურად შეამოწმა ობიექტი, აჩვენებს, რომ ინსპექციაში არსებობს ობიექტების გეგმურად შემოწმების გარკვეული სისტემა, თუმცა სრულიად გაუმჭვირვალეა აღნიშნული გეგმების შედგენის სიხშირე, პრინციპები და საკმარისობა მიმდინარე მშენებლობებისა და გაცემული ნებართვების რაოდენობასთან მიმართებაში.

ფატალური შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ მუნიციპალურ ინსპექციას წერილობით მივმართეთ და ვთხოვეთ პრევენციული შემოწმების შედეგების წარმოდგენა, ასევე, ინფორმაცია იმ პრინციპების შესახებ, რასაც პრევენციული გეგმური შემოწმებები ეფუძნება. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკლედ განგვიმარტა, რომ ისინი მოქმედებენ დებულების შესაბამისად და არ მოგვაწოდა პრევენციული ინსპექტირების შემოწმების მასალები. მუნიციპალური ინსპექციის დებულება არ ადგენს კონკრეტული ტიპის პრინციპებს პრევენციული ინსპექტირების განსახორციელებლად, რადგანაც მიიჩნევა, რომ ასეთი პრინციპები შიდა სამსახურებრივი დოკუმენტაციით უნდა იყოს განსაზღვრული.

სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული შემოწმების მიუხედავად, სამშენებლო და ტექნიკური ნორმების დარღვევის ფაქტი, რამაც ორი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, ბუნებრივია, საფუძვლიან ეჭვებს ბადებს შემოწმების ხარისხიანობასა და რისკების სრულად იდეტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც.

ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი სამსჯელოდ გვრჩება მხოლოდ სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების სტატისტიკა და ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევა, რომელიც გამოკვეთს ფაქტს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელებული შემოწმებების შემდეგაც სამშენებლო ობიექტზე დაშავება და გარდაცვალება სისტემატური პრაქტიკაა.

რისკების დადგენის სისუსტე, ანუ რამ ჩამოშალა მიწა?!

და მაინც რამ გამოიწვია ადამიანების დაღუპვა „ლეჩკომბინატის“ მშენებლობაზე? ცხადია, რომ მუნიციპალიტეტმა რისკები ვერც ნებართვის გაცემის, ვერც გეგმური შემოწმების დროს დააზღვია. თუმცა იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, შესაძლოა, ყოფილიყო სასარგებლო გაკვეთილი მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

პროცესის შესწავლა აჩვენებს, რომ გამოკვეთილ პასუხებს ვერც მშენებლობებზე დაღუპული ადამიანების საქმეების ანალიზი გვაძლევს. მუნიციპალური ინსპექცია შრომის ინსპექციის პარალელურად შევიდა სამშენებლო ობიექტზე ფატალური შემთხვევის შემდგომ და შეაჩერა სამუშაოები.

შემოწმების ოქმები წერილობით გამოვითხოვეთ. გამოგზავნილი სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, სამშენებლო კომპანიამ „მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებული წესები დაარღვია, ხოლო ასეთი წესის დარღვევად მიწის ჩამოშლაა დასახელებული.

ოქმების წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ მიწის ჩამოშლა დარღვევაა და არა დარღვევის შედეგი.

განსხვავებული ვარაუდები აქვს პროფკავშირის წარმომადგენელს, რომელიც საინსპექციო სამუშაოებს პროფკავშირის ეგიდით ახორციელებს და ვარაუდობს, რომ გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას აუცილებელი წერტილოვანი სამუშაოები არ იყო განხორციელებული, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია. იმავეს ადასტურებს ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ წეროძე, რომელიც აცხადებს, რომ მიწის ჩამოშლის გამოწვევა, გამაგრებითი სამუშაოების არარსებობის გარდა, სეისმურ მოვლენებსაც შეეძლო, რასაც ადგილი არ ჰქონია. მაშ, ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ მიწის ჩამოშლა შედეგია და არა დარღვევა. ოქმის თანახმად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, მომავალში დაიცვას უსაფრთხოების წესები, კერძოდ, წარმოადგინოს სათანადო საექსპერტო შეფასება, არსებული შენობის გამაგრების შესახებ და ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, ამ სამუშაოების გამაგრების პროექტთან შესაბამისობის თაობაზე. ამ დასკვნით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ არსებულ შენობას გამაგრებითი სამუშაოების სერიოზული ხარვეზები ჰქონდა; თუმცა ოქმში გამაგრებითი სამუშაოების კონკრეტული დარღვევის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა არ გაკეთებულა.

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების შინაარსი და ხარისხი, კანონმდებლობის მიხედვით, მთლიანად დამკვეთსა და მის მიერ შერჩეულ ექსპერტზეა მინდობილი, ამგვარი ვალდებულების ხელახლა დაკისრება არ გამორიცხავს იმავე ან მსგავსი შემთხვევის განმეორებას.

გადამისამართების სისტემის არარსებობა

შრომისა და მუნიციპალური ინსპექციების მიერ ობიექტის ერთობლივი შემოწმება მხოლოდ მუშების დაღუპვის შემდეგ განხორციელდა. შრომის ინსპექციას, ახალმიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ექნება უფლება დამოუკიდებლად, კომპანიის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტების შემოწმების შესახებ. თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება მხოლოდ სექტემბრიდან ამოქმედდება. სამაგიეროდ, ასეთი უფლებამოსილება განსაზღვრული აქვს მუნიციპალურ ინსპექციას, თუმცა შედეგი ვერც ამან მოიტანა.

მუნიციპალურმა ინსპექციამ პრევენციული შემოწმების პროცესში, გარდა იმისა, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევების იდენტიფიკაცია ვერ განახორციელა, არც შრომის ინსპექციას მიმართა იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხო შრომის პირობების შესამოწმებლად. მეტიც, სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის შედგენილ ოქმებში საერთოდ არ არის ნახსენები სამშენებლო ნორმების დარღვევის ყველაზე მძიმე შედეგი- ადამიანების დაღუპვა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მუნიციპალური ინსპექცია მთლიანად ტოვებს მისი ხედვის არეალიდან შრომის უფლების დარღვევის შემთხვევებსა და მათზე რეაგირების აუცილებლობას.  აღნიშნულის მიზეზი კი ისაა, რომ

დღეს არსებული მდგომარეობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სხვა რელევანტურ უწყებებს შორის არ არსებობს ინფორმაციის გაცვლისა და გადამისამართების  სათანადო სისტემა, რაც უზრუნველყოფდა მათ შორის მჭიდრო კოორდინაციას და ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ინსპექციები, როგორც წესი, ვიწროდ, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში ხედავენ ინსპექტირების პროცესს. ამ ფატალურმა შემთხვევამ, პრევენციის სისტემების სხვა ნაკლოვანებების გარდა, ასეთი თანამშრომლობის დამყარების აუცილებლობაც აჩვენა. მუშების დაღუპვის ფაქტზე მიცემულ ინტერვიუში შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა დადო პირობა, რომ სხვადასხვა უფლებამოსილების მქონე ინსპექციები  მომავალში უზრუნველყოფენ თანამშრომლობისა და გადამისამართების სისტემების შექმნას.

ამ პირობის შესრულებამდე და შრომის უსაფრთხოების დაცვის პრევენციული სისტემების გამართვამდე კი საზოგადოება მორიგი მსხვერპლის მოლოდინში კვლავ შეშფოთებული კითხულობს- „ვინაა პასუხისმგებელი?!“

ავტორი: ანანო ცინცაბაძე, იურისტი, წარმოადგენს ინიციატივას საჯარო სივრცისთვის  და ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი