ახალი ამბები

რა ხდება დავით-გარეჯის მონასტერთან? – საგარეო უწყების განმარტება

25 აპრილი, 2019 • 2706
რა ხდება დავით-გარეჯის მონასტერთან? – საგარეო უწყების განმარტება

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, მათ “ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი” შეზღუდეს, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ როგორც საგარეომ, ისე საზღვრის დაცვის სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.  ვმუშაობთ ამ საკითხის დარეგულირებაზე. ვითხოვთ, რომ შეუფერხებლად მოხდეს იქ პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება და მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, სულისკვეთებით”, – აღნიშნავს კონსტანტინიდი ჟურნალისტებთან საუბრისას და ადამიანებს “ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან” თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანთან ორი ქვეყნის საზღვრის 2/3 უკვე შეთანხმებულია, დარჩენილ 1/3-თან დაკავშირებით კი კონსულტაციები მიმდინარეობს. პროცესის შეფერხებას სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიების განახლების საჭიროებით ხსნის როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხრიდან.

უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

“მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი ჩვენც აღარ გვიშვებენ”, – აღნიშნა მან.

ინფორმაცია ზემოაღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმაც გაავრცელა და დაწერა, რომ  “მესამე დღეა, გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი