ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა მეტრო ხანძრისა და ავარიული შეჩერებების ფონზე

25 აპრილი, 2019 • 2813
რამდენად უსაფრთხოა მეტრო ხანძრისა და ავარიული შეჩერებების ფონზე

მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევა და დაშავებული ადამიანები, ხანძარი და გახშირებული ავარიული შეჩერებები – აღნიშნული შემთხვევები საზოგადოებისა და სატრანსპორტო საკითხების სპეციალისტთა ნაწილს აფიქრებინებს, რომ თბილისის მეტროთი მგზავრობა მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო. ქალაქის მერია კი ინფრასტრუქტურის ცვლილებას აანონსებს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, მეტრო დღეს საფრთხის შემცველი ტრანსპორტია თბილისის მოსახლეობისთვის, რის მიზეზადაც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას ასახელებს.

დღეს სატრანსპორტო სამსახურის ხემძღვანელმა თქვა, რომ სარეაბილიტაციო ღონისძიებები ივნისში განხორციელდება. მათ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მართვაზე და არ გააჩნიათ ხედვა ტრანსპორტის საკითხებში”, – ამბობს დავით მესხიშვილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა მიწისქვეშა მეტროს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა მყისიერად ამის მოწესრიგება თბილისის მერიის პრიორიტეტებში არ შედის:

ქალაქის მერი საუბრობს მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე სამგორი-ლილოს მიმართულებით. ჯერ ერთი, რატომ სამგორი-ლილო და არა დიდი დიღომი, რომელიც უფრო მჭიდროდ არის დასახლებული? ამას რომ თავი დავანებოთ, ნამდვილი საგანძური, რაც გვაქვს, არსებული მიწისქვეშა მეტრო, ეს ჩამოიშალა და ჩამოინგრა და რომელ მიწისზედა მეტროზეა საუბარი? ეს თანხები უნდა მოხმარდეს არსებულ მიწისქვეშა მეტროს, რომელიც დღეს ნამდვილად გადასარჩენია, რადგან ეს არის მთავარი სატრანსპორტო საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის.”

მესხიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია, თითქოს მეტროში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. მისი თქმით, უხერხულია უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც დღე არ გავა, ავარიული შეჩერება არ მოხდეს.

ის, რომ მეტრო ავარიულად ჩერდება კვირაში რამდენჯერმე… ის, რომ წყალი ჩამოდის გვირაბებში… ის, რომ ლიანდაგების პრობლემა არსებობს… ის, რომ ესკალატორები ჩერდება და სახიდე ნაგებობებს პრობლემა აქვს… ეს არის უსაფრთხოება? მეტროში ხანძარი ჩნდება და ამბობენ, რომ უსაფრთხოება დაცულია! სატრანსპორტო კომპანია დახელოვნდა მგზავრთა ევაკუაციაში. ეს არის მათი სტრატეგია და მიაჩნიათ, რომ ამას წარმატებით აკეთებენ. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია”, – ამბობს დავით მესხიშვილი.

დავით მესხიშვილის განცხადებით, ამ ფაქტების მიჩქმალვას ვეღარ ახერხებს სატრანსპორტო კომპანია, რადგან ათასობით ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე ეს ყველაფერი და იცის ამ პრობლემების შესახებ. მისი შეფასებით, ქალაქის მერს კარგად არ აქვს გააზრებული არსებული პრობლემები.

კალაძის პასუხი - დააკლიკეთ

თბილისის მერი “ე.წ. ექსპერტებს” უწოდებს ყველას, ვინც არაკომპეტენტურს უწოდებს, და ამბობს, რომ ამას პირად და საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფად იღებს. ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე საუბრისას კალაძე რელსებზე დადის, მის უკან მერიის და სატრანსპორტო კომპანიის ჩინოვნიკები დგანან, ხოლო კადრში ხელოსნები ჩანან, რომლებიც გადამწვარ კაბელს აკეთებენ.

 

რა უნდა გაკეთდეს პრობლემების მოსაგვარებლად?

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უსწრაფესადაა გასაკეთებელი ელექტროსადენები და ჩასატარებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოსახელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დავით მესხიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება, თუ მიწისზედა მეტროს პროექტისთვის გამოყოფილი 90 მილიონი დოლარი მთლიანად მოხმარდება არსებული მიწისქვეშა მეტროს რეაბილიტაციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ასევე, მის უსაფრთხოებას და კომფორტს.

ძალიან ლოგიკური ამბავია – მიწისზედა მეტრომდე თუ არ მივედით, რად გვინდა ეს მიწისზედა მეტრო? ზუსტად ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ქალაქის მერს არ აქვს სწორად დალაგებული პრიორიტეტები და აკეთებს პოლიტიკურ-პოპულისტურ განცხადებებს მიწისზედა მეტროზე. რა კვლევებს ეყრდნობა?”

რას გეგმავს მერია?

თბილისის მერი წუხელ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ნაძალადევი-გოცირიძის იმ ადგილიდან ჩაერთო, სადაც ძალოვან კაბელს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მეტროს პირველი ხაზი ერთი საათით გაჩერდა.

კახა კალაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც თბილისში მეტრომ მუშაობა დაიწყო, 1966 წლიდან, ძალოვანი კაბელი არ განახლებულა, რაც სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკისგან 17 მილიონი დოლარი მიიღეს სწორედ იმისთვის, რომ 450- კილომეტრიანი ძველი ძალოვანი კაბელი მთლიანად ახლით ჩანაცვლდეს.

ამ პროექტის ფარლგებში შევძლებთ იმას, რომ მეტროში გვექნება მთლიანად განახლებული თანამედროვე ტიპის ძალოვანი კაბელი. ანალოგიურია ყველა განვითარებულ ევროპულ ქალაქში. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ველოდებით კაბელის ჩამოტანას. ვფიქრობთ, ივნისის ბოლოსთვის დაიწყება სამუშაოები ამ ძალოვანი კაბელის ჩანაცვლებაზე. ასევე, სავინტილაციო სისტემები განახლდება მთლიანად და მოწესრიგდება, რაც გარკვეულწილად პრობლემაა მეტროში”, – ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, დაწყებულია 15 ვაგონის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც სექტემბრისთვის დაემატება. მისი თქმით, ამ ვაგონების დამატებით პიკის საათებში მოცდის დრო 2.30 – 3 წუთი იქნება:

თუმცა ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. მთლიანად ამოწურული იქნება იმ ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც ზოგადად ექვემდებარება ამ სამუშაოებს. დანარჩენი, იმდენად ძველი ვაგონები გვაქვს, მოგვიწევს მთლიანად შეცვლა და ახლების შეძენა. სექტემბერში განახლებული ვაგონების დამატებით დაახლოებით 60%-ით გაიზრდება ვაგონების შემადგენლობა და შევძლებთ მეტი მგზავრის გადაყვანას. რომ შევადაროთ გასულ წელს, მგზავრთა რაოდენობა გაზრდილია 7%-ით და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება”.

ფეისბუკის ჩართვისას კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ რელსებზე დაახლოებით 108 000 შპალია გამოყენებული, რის განახლებასაც ყოველწლიურად 2 000 შპალით აპირებს.

მიწისზედა მეტროს პროექტი - დააკლიკეთ

კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს ხაზების მშენებლობა, რომლებიც სამგორს აეროპორტთან და ლილოსთან დააკავშირების, 2019 წლის ბოლოს დაიწყება. იხილეთ თბილისის მერიის ვიდეორგოლი:

 

დედაქალაქის მერი არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციის “საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების” დაწყებას უახლოეს მომავალში აანონსებს. კახა კალაძის თქმით, ჯამში, დაახლეობით 100 მილიონი იხარჯება ამ პროექტების განხორციელებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი