ხადორი 3 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგიის ფასი

უჯდება თუ არა სახელმწიფოს  “ალაზანი ენერჯისგან” შეძენილი ელექტროენერგია იმპორტირებულზე უფრო ძვირი, მაშინ როცა კომპანიამ სახელმწიფოს ერთი კვტ დენი  5.4 ცენტად უნდა მიჰყიდოს ?

ხადორი 3 – ასე ჰქვია ჰესს, რომელიც მიმდინარე კვირაში პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების საგანი გახდა. მთავრობა საჯარო სიკეთეზე საუბრობს, რასაც ქვეყანა ჰესების მშენებლობისაგან მიიღებს, ადგილობრივები კი ეჭვობენ, რომ პროექტი მხოლოდ კერძო კომერციულ ინტერესს წარმოადგენს და მისგან მიღებულ ენერგოეფექტიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე პოტენციური ეკოლოგიური ზიანი.

ნეტგაზეთმა სცადა გადაემოწმებინა, რა ფასად შეისყიდის მომავალში სახელმწიფო დენს აღნიშნული ჰესიდან და არის თუ არა ის მომგებიანი არებული საბაზრო ფასების პირობებში.

საქართველოში ელექტოენერგიის იმპორტს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი (ესკო) ახორციელებს – საპარტნიორო ფონდის კუთვნილი სააქციო საზოგადოების 2017 წლის ანგარიშის თანახმად, (2018 წლის ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა), ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის 99.5% ესკოზე მოდის.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი საჯარო არ არის. ნეტგაზეთს ესკო-ში უთხრეს, რომ იპორტირებული დენის ფასი ხელშეკრულებით დგინდება და ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა ანალიტიკური ცენტრის, Galt and Tagart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვას თუ დავუჯერებთ, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი თვეების მიხედვით იცვლება და ბოლო მონაცემებით (2018 წლის ნოემბერი) ერთი კვტ.ს [კილოვატის] ფასი საშუალოდ 5 ცენტია.

ხადორი 3-ის მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად კი, “ალაზანი ენერჯი” სახელმწიფოს ამ ჰესიდან გამომუშავებულ  ერთ კვტ ელექტროენერგიას 5.4 ცენტად მიჰყიდის.

როგორც ალაზანი ენერჯის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, ეს შეთანხმების საბოლოო ვარიანტია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან ამ დოკუმენტის მიღება ვერ შევძელით. საბოლოო დოკუმენტი ნეტგაზეთს იორდანიშვილმა აჩვენა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ძვირად რატომ ყიდულობს ესკო მისი კომპანიისგან დენს, ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ ქონების, საშემოსავლო და სხვა სახის გადასახადით, მისი ფასი იმპორტირებულზე იაფი გამოდის.

“პირველ რიგში, საკითხავია რომელი წელს იყო 5 ცენტი, რადგან თუ გადაამოწმებთ იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს, 2010 წელს 11 ცენტიც ყოფილა. მეორე, თქვენ ეს აიღეთ ჩვეულებრივი კონტრაქტით გათვალისწინებული ფასი და არ გინახავთ, რა ფასად შემოდის პიკურ რეჟიმში ელექტროენერგია ქვეყანაში. ჩვენ წლის ნებისმიერ მონაკვეთში ამ ფასად მივყიდით სახელმწიფოს ელექტროენერგიას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი იმპორტის საშუალო საფასური უფრო მაღალია, ვიდრე 5.4 ცენტი. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის თქვენს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია და გარანტირებული შესყიდვა 10 წლითაა გაწერილი. დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი რომელიმე მეზობელი ყოველთვის მოგვაწვდის ელექტოენერგიას?! დასაქმებული ადამიანებიცა და ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებიც უნდა გავითვალისწინოთ. გადახდილი გადასახადებით 1 -1.5 ცენტი სახელმწიფოში ბრუნდება,” – ამბობს იორდანიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი  Galt and Tagart-ის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე, მაგალითად, “ალაზანი ენერჯის” მიერ ხადორი 3-დან ნაყიდი დენი.

“Galt and Tagart-ის კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 – 5 ცენტამდე მერყეობდა. ჰესის მშენებლობა ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ინვესტორებიც ცდილობენ ეს ხარჯი ფასზე ასახონ, რათა დახარჯული ფულის ამოღება მოხდეს”, – ამბობს ჭიპაშვილი.

უჯდება თუ არა სახელმწიფოს  ხადორი 3 – სგან შეძენილი ელექტროენერგია იმპორტირებულზე უფრო ძვირი, ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროსა და ესკოსაც მივმართეთ, თუმცა უწყებები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

2016 წელს ალაზანი ენერჯისთან გაფორმებულ მემორანდუმში წერია, რომ ესკოს ხადორი 3 -სგან გამომუშავებული ელექტროენერგია 6 ცენტად უნდა ეყიდა, თუმცა, ლაშა იორდანიშვილის თქმით, საბოლოოდ ფასი 5.4 ცენტამდე შემცირდა.

კითხვაზე, რატომ მოხდა თავდაპირველი ფასის, 6 ცენტის 5.4 ცენტამდე დაკლება, იორდანიშვილი პასუხობს, რომ თავდაპირველად ესკო მხოლოდ 8 თვეს ყიდულობდა, თუმცა მოგვიანებით მთლიანი გამომუშავება, ანუ 12 თვე შეისყიდა. იორდანიშვილი განმარტავს, რომ ხადორი 3-სგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში 5.4 ცენტად მიჰყიდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებაა.

დათო ჭიპაშვილი განმარტავს, რომ არასერიოზულია, ამ ჰესის შემთხვევა და იმპორტის შემცირება ერთმანეთს დაუკავშირო, რადგან თუ მდინარე ალაზანზე ხადორი 3 აშენდა, ზამთარში, როცა ქვეყანას იმპორტირებული ელექტროენერგია სჭირდება, ხადორი 3 მხოლოდ 2.5  მლნ/კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

“ზამთრის პერიოდში, როცა ჩვენ ეს ჰესი დაგვჭირდება, ის პრაქტიკულად არ იმუშავებს, მიზეზი მარტივია, მდინარეში წყალი არ იქნება. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხადორი 3-ის ენერგეტიკული მნიშვნელობა ქვეყნისთვის ნულის ტოლია. მაგალითად, ყაზბეგის ჰესმა, რომელიც 6-მეგავატიანია, მთელი ზამთრის განმავლობაში გამოიმუშავა 2.5 მლნ/კვტ.

შედარებისთვის, თბილისი დღეში საშუალოდ 10 მლნ/კვტ-ს მოიხმარს. შესაძლოა, ხადორი 3-ს, რომელმაც ზამთარში  2.5 მლნ/კვტ.ს ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ დანარჩენ 25 მლნ/კვტ.ს გამოიმუშავებს თუ არა ხადორი 3, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზაფხულის პერიოდში ჩვენს ჰიდროელექტროსადგურებსაც საკმაო გამომუშავება აქვთ. რეალურად, დეფიციტი ზამთარშია, ხადორი 3 კი ამ დროს მხოლოდ 2.5 მლნ/კვტ.ს გვაძლევს. კითხვა ჩნდება, ღირს თუ არა ამ ჰიდროელექტროსადგურის აშენება იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მას ბუნებისთვის მოაქვს?!”-აცხადებს ჭიპაშვილი.

მისი თქმითვე,”ხადორი 3″ პანსკისის ხეობის სოფლების წყლით მომარაგებას საფრთხეს შეუქმნის, რადგან ამ ჰესის გამო უნდა აშენდეს დერივაციული გვირაბი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამ სოფლების სასმელი წყლით მომარაგებას. ამ ინფორმაციას უარყოფენ კომპანიასა და მთავრობაში. 

“ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ჰესის მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

ხადორი 3-ის მშენებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, პანკისის ხეობაში იგეგმება. 5.4- მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი წლიურად 27.5 მლნ კვტ.ს ენერგიას გამოიმუშავებს.

დავით ჭიპაშვილის თქმითვე, ფასის განსაზღვრა გაუმჭვირვალედ ხდება და ფასწარმოქმნის ნაწილში სემეკის მონაწილეობა აუცილებელია. ლაშა იორდანიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ შეთანხმებაში არსებული ფასი სახელმწიფო სტრუქტურებთან და ესკოსთან მოლაპარაკების გზით დადგინდა.

„ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დასაწყისი. პანკისის ხეობა. 21 აპრილი, 2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ადგილობრივი ჰესებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიისგან განსხვავებით, იმპორტის ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი ფორმულით დგინდება. ტარიფი მოიცავს საბაჟო მომსახურების ფასს, იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობას და სხვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.