ახალი ამბები

უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

25 აპრილი, 2019 • 751
უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს.

გაეროსთან უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობის პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო წერს, რომ შეხვედრა უკრაინული მხარის მოთხოვნით ჩაინიშნა და ღია ფორმატში ჩატარდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის საფუძველი გახდა კრემლის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის მცხოვრებლებზე რუსეთის პასპორტების გამარტივებულად გაცემას. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 24 აპრილს მოაწერა ხელი.

აშშ თვლის, რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება პროვოკაციაა და მინსკის შეთანხმებას ძირს უთხრის.

ურაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის შტაბში საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. განცხადება გაავრცელა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც, რომლის თქმითაც, რუსეთის პასპორტების უკანონო გაცემა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი