მოსამართლეთა კანონპროექტზე იურისტების ჯგუფი აქცია გამართავს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი. ამ მოთხოვნით ჯგუფი აქციას გამართავს დღეს, 25 აპრილს, პარლამენტის შენობასთან.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ყოფილი პრეზიდენტის მრჩევლები სამართლებრივ საკითხებში- კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; ასევე, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი.

განცხადებას, რომლითაც პარლამენტს მიმართეს, ხელს ასევე აწერენ
მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, ლია მუხაშავრია, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, დიმიტრი ხაჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით მჟავანაძე, სანდრო ზამბახიძე და კახა წიქარიშვილი.

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის აზრით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისულებას, ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე, საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.

ჯგუფი ასევე მოუწოდებს პარლამენტ,ს მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო მექანიზმებზე სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით.

“სასამართლოს დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გარანტიაა. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. სასამართლოს სისტემას იგივე ჯგუფი მართავს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იღებდა და ასრულებდა დაკვეთებს, პოლიტიკურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლოს.

სასამართლოში კლანური მმართველობის უვადო დაკანონება საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებას დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას და აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფი მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ აქციას, რომელიც 2019 წლის 25 აპრილს, 13.00 საათზეა დაგეგმილი პარლამენტთან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სწორედ ამ დროს, 13.00 საათზე განიხილავს მესამე მოსმენით კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს.

კანონპროექტის იმ სახით მიღებას, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რადგანაც მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია ასახული. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ვერ აგვარებს სასამართლოში “კლანური მმართველობის” პრობლემას. მმართველი ძალა “ქართული ოცნება” არ აპირებს მეორე მოსმენაზე დააბრუნოს კანონპროექტი.

ა“სასამართლოს გადასარჩენად” აქცია სასტუმრო რედისონთან; 27 იანვარი, 2019. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ვარადაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი