ახალი ამბებიეკონომიკა

უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში

24 აპრილი, 2019 • 2992
უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში

უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? ეს საკითხი აქტუალური გახდა  23 აპრილს პარლამენტში გამართული დისკუსიების შემდეგ, როდესაც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა და ფინანასთა მინისტრმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხეს და მეტიც, იდეის დონეზე მხარიც დაუჭირეს.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. მართალია, საბჭო, რომელმაც ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, ჯერ არ დაკომპლექტებულა, თუმცა ფინანასთა მინისტრმა ვანო მაჭავარინმა განაცხადა, რომ მისი აზრით ელექტროსექტორი “ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უნდა იყოს”.

“აქ არის ის, რომ საინვესტიციო საბჭოს ვაკომპლექტებთ, გვინდა, რომ A კლასის საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები და ფონდების მენჯერები მოვიყვანოთ. მაინც იმათ დავუტოვებთ დისკრეციას, სად ჩათვლიან ყველაზე სწორად [ინვესტირებას]. ჯერ ერთი, კანონითაა გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ინვესტიირება, რა პრინციპებით უნდა ჩაიდოს [ფული]. ამის ფარგლებში თავისუფლად შეიძლება მოხვდეს ჰესები. ენერგეტიკა თავისთავად შეიძლება ერთ-ერთი წამყვანი იყოს. მე ჩემს აზრს გეტყვით, რომ იქნება კიდეც, იმიტომ, რომ ყველაზე უფრო დაცული და დაზღვეული სფეროსავითაა და რატომაც არა?!”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი ელექტროსექტორში ფონდის თანხების ინვესტირების შესაძლო მექანიზმს ასე განმარტავს: ფონდს პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების უფლება არ ექნება, ამიტომ კომპანიამ, რომელიც ენერგოპროექტს ახორციელებს და მეტნაკლებად პროგნოზირებადი შემოსავლები გააჩნია, ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას, რომელსაც შემდეგ ფონდი შეისყიდის. სურგულაძის აზრით, ეს საკმაოდ ხარისხიანი ფასიანი ქაღალდები იქნება, რადგან “ჰესი ტრიალებს და ელექტრონერგია ყველას სჭირდება”.

როგორც სურგულაძეს, ასევე მაჭავარიანს შესაბამისი ინიციატივითა და კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მიმართა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, აღნიშნული ფინანსების გამოყენება განახლებადი ენერგიის ყველა პროექტში შეიძლება. მისი თქმით, რადგან ბუნებრივი რესურსები მოსახლეობის საკუთრებაა, ნებისმიერი ენერგოპროექტიდან შემოსული თანხა მათვე უნდა მოხმარდეთ.

“დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეკრულებები (PPP), რომელიც ინვესტორს აძლევს გარანტირებული შესყიდვის გარანტიას და, შესაბამისად, გარანტირებულ ტარიფს. რაღა ინვესტორი დაინტერესდეს და სწრაფი მოგების მიზნით ჩადოს ქვეყანაში ფული? ბუბებრივი რესურსი ეკუთვნის ყველას, ეს არის მოსახლეობის საკუთრება. ამიტომ ნებისმიერი ენერგოპროექტიდან შემოსული თანხა მასვე უნდა ხმარდებოდეს”, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და აგრძელებს:

“ჩვენ გვაქვს საპენსიო ფონდი, რომელიც პირდაპირ ასეთი პროექტებისთვის უნდა იყოს გამოყენებული, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკას მაღალი ამონაგები აქვს და ძალიან სტაბილურია, ენერგიაზე უარს ვერავინ იტყვის, თან რეგულირებული სფეროა. შესაბამისად, ,მომავალში რა პროექტებიც განხორციელდება, დიდი, მცირე თუ საშუალო ზომის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი საპენსიო ფონდის საფუძველზე მოხდეს. ენერგოსადგური და ამონაგები საპენსიო ფონდში აისახება, როგორც სარგებელი. ეს თან გააიაფებს გენერირებული ენერგიის ფასს, რადგან გარანტირებულ შესყიდვასთან აღარ იქნება მიბმული და ეს აისახება სამომხმარებლო ფასებზეც”, – ამბობს ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეპუტატის აზრით, ძირითადი აქცენტი წყლის, ქარის და მზის ენერგიის გამოყენებაზე უნდა გაკეთდეს:

“როდესაც დიდ ენერგოპროექტებზეა საუბარი, აუცილებელი არაა ჰესი იყოს, შეიძლება იყოს ქარის, მზის ელექტროსადგური, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი არის არაჩვეულებრივი მექანიზმი, რომ სწორად განთავსდეს ეს ფული და რეალურად ამონაგები იყოს როგორც სოციალური თვალსაზრისით მაღალი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც სტაბილური” – ამბობს დეპუტატი.

საპენსიო ფონდის მიერ ჰესების შესაძლო დაფინანსებაში რისკებს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციის, “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი, მანანა ქოჩლაძე.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ენერგოსტრატეგია არ აქვს განახლებული და კანონმდებლობაც არაა ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაციაში, ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს:

“როდესაც ასეთ ბურუსით მოცულ სექტორში, სადაც ამდენი კორუფციული შესაძლებლობებია… ჩვენ ვხედავთ, მაღალკვალიფიცირებული ინვესტრორებიც კი ვერ ახერხებენ, რომ მიაღწიონ შედეგს, საინვესტიციო რისკები ძალიან დიდია. მე ერთ მაგალითს გეტყვით, 2006 წლის შემდეგ აშენებული ჰესებიდან გამომუშავება დაგეგმილთან მიმართებაში მხოლოდ 54-55 პროცენტს შეადგენს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროექტები ან ცუდად იყო დაგეგმილი, ან ცუდად შესრულებული”, – ამბობს ქოჩლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მანანა ქოჩლაძე მისი პოზიციის საილუსტრაციოდ შუახევი ჰესის მაგალითს იხსენებს. პროექტს ნორვეგიული კომპანია Clean Energy ახორციელებდა და მასში ინვესტიცია განხორციელებული ჰქონდა საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს:

“დაახლოებით 500 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო და ამ პროექტმა იმუშავა მხოლოდ 2 თვე…. 2 თვის შემდეგ ორივე გვირაბი ჩამოინგრა და დღემდე ეს ჰესი თავისთავად ვერ ფუნქციონირებს. ამაზე დაზღვეული პროექტი მე ვერ წარმომიდგენია. სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და ნორვეგიული განმახორციელებელი ჰყავდა. ასეთ პირობებში პროექტი, ფაქტობრივად, ჩამოინგრა და კაცმა არ იცის, როგორ ამოიღებენ ფულს იმიტომ, რომ ჩვენ კონტრაქტი არ გვინახავს და ვინ რაზეა პასუხისმგებელი, არ ვიცით.

მთავრობა იმასაც გვეუბნება, რომ ცდილობენ მოიპოვონ დამატებითი ფინანსები იმისთვის, რომ ეს პროექტი აღადგინონ, რასაც უკვე ჩადებული ინვესტიციის დაახლოებით ნახევარი მაინც დასჭირდება. შემდეგ, ამხელა ფასის პროექტი რომ ჩვენს ტარიფში შემოვა, ხომ ფაქტია, რომ იმ ტარიფს ისევ სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს სუბსიდირება?! საპენსიო ფონდს ასეთ აჯაფსანდალში რა ტიპის მოგება შეიძლება შეხვდეს, ან როგორ უნდა დაიზღვიოს თავი ასეთი რისკებისგან?” – ამბობს ქოჩლაძე ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, ამ ინიციატივის გაზირების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მთავრობა ისეთ პროექტებში მოსთხოვს საპენსიო ფონდს ინვესტირებას, სადაც თავად აქვს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა და, შესაბამისად, ეკონომიკურად მომგებიანი არ არის:

“ვინაიდან ეს რთული პროექტებია, ხანდახან იწელება მოსახლეობის პროტესტის გამო, მაგრამ ხშირად ამ პროექტების განხორციელება იწელება იმიტომ, რომ ტექნიკურად მისი დიზაინი იცვლება ხოლმე. ნენსკრა ჰესის მშენებლობა, მაგალითად, გარდა მოსახლეობის აქტიურობისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რატომაც 2015 წლიდან დღემდე ვერ დაიწყეს, არის ის, რომ მთლიანად შეიცვალა პროექტის ტექნიკური დიზაინი. გამოდის, რომ ისევ დიდი პრობლემები ექმნება ფონდს, რადგან ეს არ არის სტაბილური ბიზნესი – პრობლემურია როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გამო”, – აღნიშნავს “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი.

მანანა ქოჩლაძის თქმით, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალრისკიანად ითვლება და მათში საპენსიო ფონდები ფულს იშვიათად აბანდებენ. ამასთან, ქოჩლაძის თქმით, ევროპული პრაქტიკით, საპენსიო ფონდები ცდილობენ არ ჩაერთონ ისეთ პროექტებში, რომლებმაც შესაძლოა რაიმე ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს გარემოზე ან ადამიანებზე:

“ჩვენი მთავრობა ენერგოპროექტებში ძირითადად მოიაზრებს დიდ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს და ალბათ ისევ აქეთ გადაიხრება საპენსიო ფონდი, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს იმ გაურკვეველი საბჭოს გარდა, რომელიც ჯერ არ დაკომპლექტებულა”, – აცხადებს ქოჩლაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი