წულუკიანის თქმით, უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე სიმონ მორდუს შეხვდა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სიმონ მორდუს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

“დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები −  ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ “ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა
თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ”.

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი, საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო კანონი, რომელიც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისთვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს.


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის და შენგენის წევრ 30 სახელმწიფოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ვეროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.