ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: აფხაზეთს რუსეთის გარდა სხვა მოკავშირე არ ჰყავს

23 ოქტომბერი, 2014 • • 1122
ხაჯიმბა: აფხაზეთს რუსეთის გარდა სხვა მოკავშირე არ ჰყავს

“მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციის საფუძველზე და აფხაზეთის სუვერენიტეტის გათვალისწინებით მოხდება. ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი საბაზისო შეთანხმების გაუქმება ან ჩანაცვლება მოხდება, პირიქით, ის მასზე იქნება დაფუძნებული.


თავდაცვის საერთო კონტურის შექმნა, საქართველოსთან საზღვრის დაცვის გაძლიერება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება – ყოველივე ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ეს პრაქტიკა არის თანამედროვე ტენდენცია, რომლისკენაც ყველა ქვეყანა მიისწრაფვის, ვინაიდან მარტო ყოფნის დროს გლობალიზაციისა და საერთაშორისო რისკების პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა,”- წერია ხაჯიმბას მიმართვაში.


მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ვარაუდობს, რომ აფხაზეთის მხარე შეთანხმების დაბალანსებულ პროექტს შექმნის, რომელიც გარკვეულ საკითხებში რუსეთის მიერ მომზადებული ვერსიისგან განსხვავებული იქნება. 

 

13 ოქტომბერს აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი მიიღეს. დოკუმენტი ხელმოწერილია მოსკოვში და გამოგზავნილია სოხუმში, როგორც დიპლომატიური არხებით მოწოდებული რუსეთის წინადადება. ახლა დეპუტატებმა შეთანხმების თავიანთი ვარიანტი უნდა წარმოადგინონ – ამასთან, ეს ორი კვირის ვადაში უნდა გააკეთონ! როგორც კრემლში ვარაუდობენ, თავად შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იყოს ხელმოწერილი.

 

რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი აფხაზეთში ოფიციალური უწყებებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა კრიტიკულად შეაფასეს. განცხადებები საქართველოს მთავრობაშიც გაკეთდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი