ახალი ამბები

დაამტკიცეს თუ არა კანონდარღვევით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზაზა ხარებავა

24 აპრილი, 2019 • 2752
დაამტკიცეს თუ არა კანონდარღვევით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზაზა ხარებავა

” თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომლის ანონსიც 24 აპრილს გამოქვეყნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა პარლამენტმა 2017 წელს კანონდარღვევით დაამტკიცა. მედიასაშუალება ასევე ხაზს უსვამს ხარებავას კავშირებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი შენგელიასთან. თავად ზაზა ხარებავა დამტკიცების პროცესში კანონდარღვევას გამორიცხავს.

ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი” – 2017 წელს წარუდგინა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციას [არასამეწარმეო იურიდიულ პირს], რომლის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო არის კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. 

“თავისუფლების მონიტორის” თანახმად, ხარებავას წარდგენის პროცესში ზემოაღნიშნული კანონი დაირღვა, ვინაიდან წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოში წარმომადგენლობით საქმიანობას არ ეწეოდა.

“ბატონი ხარებავა მე ჩავწერე ორი დღის წინ. მან ვერ წარმომიდგინა დოკუმენტაცია, რომ ეს ორგანიზაიცია აკმაყოფილებდა კანონმდებლობას. ეს ორგანიზაცია არ ახორციელებდა მესამე პირების უფლებების დაცვას, იურიდიულ მომსახურებას… ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც ბატონმა ხარებავამ მაჩვენა, ეს ორგანიზაცია იყო ან მოპასუხე, ან მოსარჩლე. არსად ის სხვის ინტერესს არ იცავდა. კანონი კი ამბობს, რომ მისი [ორგანიზაციის] სფერო უნდა იყოს სხვისი უფლებების დაცვა”, – განაცხადა ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა გიორგი მგელაძემ TV პირველის ეთერში.

პორტალმა kavshirebi.ge ამ საკითხთან დაკავშირებით ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ალუ გამახარიასთან, ინტერვიუ ჩაწერა და ჰკითხა, “როგორ წარადგინეს ზაზა ხარებავას კანდიდატურა ისე, რომ თავად არ იყვნენ უფლებამოსილი, მისი კანდიდატურა წარედგინათ”. გამახარია აცხადებს, რომ ამ საკითხისთვის ორგანიზაციაში ყურადღება არ მიუქცევიათ და არ იცოდა, როგორი სტატუსი უნდა ჰქონოდა ამ ვითარებაში.

“თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტმა ზაზა ხარებავას ასევე ჰკითხა მისი კავშირების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოადგილესთან, ირაკლი შენგელიასთან. ხარებავა აღნიშნავს, რომ შენგელია მისი მეჯვარეა და მასთან ნათელმირონობაც აკავშირებს.

ამ დეტალში  საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტს ხედავს.  “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის აღნიშნავს, რომ როდესაც ირაკლი შენგელიას უვადო მოსამართლედ ირჩევდნენ, გადამწყვეტი ხმა სწორედ ზაზა ხარებავას ეკუთვნოდა.

“როდესაც ირაკლი შენგელია დაინიშნა [უვადო მოსამართლედ], მან მიიღო 10 ხმა. მაშინ მისთვის გადამწყვეტი იყო ზაზა ხარებავას ხმა. ის თავის თავს ხმას ვერ მისცემდა. ბუნებრივია, მას  არ ჰქონდა ჩემი, ვახტანგ მჭედლიშვილისა და ნინო გვენეტაძის იმედი, რადგან დაპირისპირებული იყვნენ ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენც არც მიგვიღია ამ პროცესში მონაწილეობა. ასე რომ, ძალიან თვალსაჩინო იყო: ხარებავას მხარდაჭერით იგი დაინიშნა მოსამართლედ. მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პრობლემას, როგორ გახდა უვადო მოსამართლე ირაკლი შენგელია, როცა იქ იყო აშკარა ინტერესთა კონფლიქტი.

ზაზა ხარებავა არის იურიდიული სამსახურის ბორდის წევრიც, სადაც მას ასევე დაუჭირა მხარი ირაკლი შენგელიამ. ამის შესახებ ისინი არასდროს საუბრობდნენ. როცა ასეთ კონსტიტუციურ ორგანოში ასეთი ამბავი ხდება, რომ ერთმანეთისათვის ასეთი ახლობელი ადამიანები ასე უჭერენ მხარს ერთმანეთს და ამის შესახებ არც განაცხადებენ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა”, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე იხსენებს შემთხვევას, როგორ მოიქცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრი ასეთ ვითარებაში.

“სხვა წევრსაც ჰქონდა ასეთი ინტერესთა კონფლიქტი მოსამართლეობის სხვა კანდიდატურასთან, რომელიც შემოვიდა საბჭოში. მან პირდაპირ თქვა, რომ მე მისი ბავშვის ნათლია ვარ და პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებო. გასაუბრებაშიც არ მიუღია მონაწილეობა”, – აღნიშნა მან.

დღესვე, “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ზაზა ხარებავამ ბრიფინგი გამართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებისას რაიმე სახის კანონდარღვევა გამორიცხა და განცხადა, რომ წარმდგენი ორგანიზაცია სასამართლოში იურიდიულ საქმიანობას ეწევა. ჟურნალისტმა ხარებავას კანონში შესაბამისი ჩანაწერი შეახსენა, რაზეც ხარებავამ უპასუხა:

“როგორც განმარტეთ, იურიდიულ საქმიანობას ფონდი არ ეწეოდა. კანონში ცალსახა ჩანაწერი არსად არ არის, რომ იურიდიულ საქმიანობას… ის უნდა მონაწილეობდეს სასამართლო პროცესებში. ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში”, – აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი