ახალი ამბებიკომენტარი

თბილისისა და კიევის მეგობრობის გამოწვევები – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალია

24 აპრილი, 2019 • 3367
თბილისისა და კიევის მეგობრობის გამოწვევები – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალია

ავტორები: თამარ ჩაფიძე და ანდრეას უმლანდი


უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე რუსეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში საქართველო და უკრაინა მჭიდრო გეოპოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ. 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ საფუძველი ჩაუყარეს მრავალმხრივ საკონსულტაციო ფორუმს, რომლის ბაზაზეც 2001 წელს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამ) შეიქმნა. 2003 წლისვარდების რევოლუციითდანარინჯისფერი რევოლუციითსაქართველომ და უკრაინამ უარი თქვეს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისპოსტსაბჭოთატრაექტორიაზე და ნაცვლად ამისა პროდასავლური გზა აირჩიეს. 2008 წლის გაზაფხულზე საქართველომ და უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს წევრობის თხოვნით მიმართა, თუმცა, მოლოდინების მიუხედავად, ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული ვერც ერთმა მათგანმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღო.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთსაქართველოს ომის დროს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თბილისში ვიზიტით კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. ხუთდღიანი ომის შემდეგ კიევმა და თბილისმა ვაშინგტონთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. 2009 წელს უკრაინა და საქართველო აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდოვასა და ბელარუსთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩაერთვნენ. 2014 წლის ზაფხულში კი საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

2014 წლის გაზაფხულიდან რუსეთთან კონფრონტაციის დაძლევის მიზნით ქართველებმა მრავალმხრივი დახმარება გაუწიეს უკრაინელებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის სახელმწიფო სამსახურებში მაღალი რანგის თანამდებობებზე დასაქმდნენ. გაძლიერდა ხალხთაშორისი კონტაქტებიც, 2019 წლის პირველი მარტიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ორივე ქვეყანაში მგზავრობა მხოლოდ პირადობის მოწმობების საფუძველზე შეუძლიათ.

ღრუბლები მოწმენდილ ცაზე

საერთო ისტორიამ და გამოწვევებმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები მრავალმხრივ გაამყარა. თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ეხება საქართველოს მთავრობისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის თავშეკავებას, მიულოცოს უკრაინას ახლად მიღებული ავტოკეფალია. საკითხავია, რამდენად მოახერხებს თბილისი რუსეთის ზეწოლის დაძლევას და როგორ განვითარდება უკრაინასთან შემდგომი ურთიერთობები.

საქართველოს ოფიციალური პირების სიჩუმის მთავარი მიზეზი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც უკრაინის ეკლესიის ახლანდელ სტატუსთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, თუმცა ეკლესიის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. “როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ეკლესია  უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდის მომდევნო სხდომაზე“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

2019 წლის იანვარში თბილისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააღვივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი. როგორც გაირკვა, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლისა და საქართველოს სასულიერო პირებს შორის შეხვედრა ინფორმაციული ხასიათს ატარებდა და რაიმე მნიშვნელოვანი განცხადებები არცერთი მხრიდან არ მოჰყოლია. მიტროპოლიტ ემანუელის მიხედვით, შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს ინფორმირება იყო და არა რაიმე სახისზეწოლა ან აზრის თავს მოხვევა.” მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა: “საქართველოს კათალიკოსპატრიარქს აქვს სიბრძნე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია იგივე რჩება, რაც 2019 წლის იანვარში უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის (სიტყვასიტყვით: პატარა წიგნი) გადაცემამდე. 2018 წლის ოქტომბერში საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება [ტომოსის გადაცემა] კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა, “ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს  როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს.”

თბილისის თავშეკავების მიზეზები

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისევე როგორც წმინდა სინოდში, აზრთა სხვადასხვაობაა. ეკლესიის ზოგიერთმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა უკრაინის ავტოკეფალიას ღიად დაუჭირა მხარი. “უკრაინის 40-მილიონიანი ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სიმართლის მხარეს დაიკავებს და უკრაინის ავტოკეფალიას მხარდაჭერას გამოუცხადებს.

მეორე მხრივ, ეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნა, რომჩვენ არ უნდა ჩავერთოთ რელიგიურ ომშიარ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ უკრაინაზე, არამედ აფხაზეთზე. პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ “. მეუფე იაკობს სხვა ქართველი ეპისკოპოსების მსგავსად მიაჩნია, რომ საქართველომ სიფრთხილით უნდა იმოქმედოს, რათა საკუთრივ ქვეყნა არ დააზარალოს. მათი მტკიცებით, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, ამის საპასუხოდ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს და ამით ხელს შეუწყობს მის გამოყოფას საქართველოსგან.

1993 წლიდან აფხაზეთი რუსეთის სატელიტი დე ფაქტო რესპუბლიკაა, რომელსაც მოსკოვი მის მიერ მართული სეპარატისტული ძალებით აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოში კრემლმა აფხაზეთში რეგულარული ჯარები დააყენა და ოფიციალურად აღიარა მისიდამოუკიდებლობა,” თუმცა რუსეთის პროტექტორატი ნაწილობრივ მაინც ავტონომიურად ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტულ ტერიტორიას თბილისი ვერ აკონტროლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს კვლავ მის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს და შიშობს, რომ მოსკოვის აღიარებით საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთი დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას.

მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ავტოკეფალიის შესაძლო აღიარების შესახებ თბილისის შიშის პასუხად თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საპატრიარქოს ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური უფლება არ აქვს და სამარცხვინო იქნება, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს. თეოლოგი ამბობს, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთში საეკლესიო თვალსაზრისით სეპარატიზმის წახალისებას უკვე ეწევა: “მას ჰყავს მღვდელმთავარი, 15-მდე სასულიერო პირი, რომლებიც თვითნებობენ და განსაკუთრებით ანტიქართული განწყობებით გამოირჩევიან და ცდილობენ დეზინფორმაციული ისტორიის გავრცელებას და საზოგადოების დეზორიენტირებას.”

მას შემდეგ, რაც საკითხი საჯარო განხილვის საგანი გახდა, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთმა წევრმა წმინდა სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიციით მიმართა. 2019 წლის იანვარში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპატრიარქოსთან უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერი აქცია გამართეს და ქართული ეკლესიის პოზიცია გააკრიტიკეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე კომენტარებისგან თავს იკავებს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საპატრიარქოს განხილვის საგანია.  “აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა.

2019 წლის პირველ თებერვალს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს ეკლესია გააფრთხილა: “ვერ წარმომიდგენია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს .. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, პატრიარქ ილია მეორეს ახალგაზრდა ეპისკოპოსები .. უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.”

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მისალოცად დელეგაცია მიავლინა. პატრიარქ კირილის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ყველა, ვინც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წავამესიჯი ცხადად ეხებოდა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს.

მიტროპოლიტ ილარიონის ღია გაფრთხილების საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქომ განმარტა, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიციები განესაზღვრა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საეკლესიო კანონიკაზე დაყრდნობით. “მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს, იტყობინება საპატრიარქო თებერვლის დასაწყისში. “დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა სხვები თვლიან, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არა მხოლოდ აფხაზეთის საკითხითაა განპირობებული, არამედ სასულიერო პირების პრორუსული დამოკიდებულებით. თეოლოგი ტიგინაშვილი აღნიშნავს: “ჩვენთან რეალურად არის ისეთი კასტა, ისეთი საზოგადოება სინოდში, რომელსაც აქვს რუსოფილური მიდრეკილებები. პირადი კონტაქტების გამო, იმის გამო, რომ იქ აქვთ განათლება მიღებული, ცხოვრების რაღაც ხანი აქვთ გატარებული ჩრდილოეთში.”

პოლიტიკური შედეგები

საქართველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს  პოლიტიკური სიმპათიებით გამყარებული თბილისიკიევის ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირების უმრავლესობას ურჩევნია ეს საკითხი წმინდა ეკლესიურ ჩარჩოებში მოაქციოს, მეგობარ უკრაინელებს საფუძვლიანი კითხვა უჩნდებათ: დაუჭერს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაროგორც კაცობრიობის ერთერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიამხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას?!

აღნიშნულ საკითხს არა მხოლოდ ეკლესიური, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს, რაც გარკვეულწილად აისახება უკრაინულქართულ ურთიერთობებზე. ქართველების უმრავლესობისთვის ეროვნული ეკლესია ქართველობის ეპიტომიაა. ანალოგიურად, უკრაინელი ერისთვის, მიუხედავად მართლმადიდებლობის, რელიგიურობის თუ არარელიგიურობისა,  ავტოკეფალური ეკლესია ერის უნიკალურობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, რუსეთუკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ოთხ ეკლესიას შორის სულ უფრო ანაქრონისტული ხდება. მოსკოვის საპატრიარქოს კრემლის მიერ უკრაინაში 2014 წლიდან განხორციელებული სამხედრო ქმედებები რომ დაეგმო, უკრაინისა და რუსეთის მართლმადიდებლობის ერთიანობა შესაძლოა შენარჩუნებულიყო. თუმცა პატრიარქ კირილესა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ოფიციალურ სასულიერო პირებს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ. ბოლოს შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლური მართლმადიდებლობის განხეთქილების მთავარი მიზეზი მოსკოვში უნდა ვეძებოთ. სამწუხარო იქნება, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და განხეთქილება აღმოსავლურ სლავურ ქრისტიანობაში უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსაც დააზარალებს.

 


ავტორების შესახებ:

თამარ ჩაფიძე არის თბილისში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და . კიევში დემოკრატიის სასწავლო ცენტრის 2018-2019 წლის სტიპენდიანტი.

ანდრეას უმლანდი არის კიევში დემოკრატიის სასწავლო ცენტრის უფროსი მკვლევარი, პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის არარეზიდენტი თანამშრომელი და წიგნების სერიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და საზოგადოება მთავარი რედაქტორი.


შენიშვნა: სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს რედაქციის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი