ახალი ამბები

შსს მოხეში ძველ მეჩეთთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი, 2014 • • 1211
შსს მოხეში ძველ მეჩეთთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს აპროტესტებდა და კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ.  სამართალდამცველები შენობის პერიმეტრს შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იცავდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან შეკრებილი მოსახლეობიდან 14 პირი დააკავეს. აქედან 11 მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლითაა დაკავებული, ხოლო სამი მათგანი- სისსხლის სამართლის კოდექსის მუხლით.

 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 11 პირი  166-ე და 173-ე მუხელბით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია 3 პირი, ეს მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინაღმდგობის გაწევას გულისხმობს.

 

სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან პოლიციის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაავრცელა. დაპირისპირება მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე გამგეობის გადაწყვეტილებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა. ჭელის მინარეთის წინამძღვარიჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ შენობა დაბინძურებულია, მას ტუალეტად იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, გამგეობას მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნა უნდა. სრულიად საქართველოს მუფთი კი მოხეს მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი