ახალი ამბები

ხელისუფლება არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ზუგდიდში 9 ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს

24 აპრილი, 2019 • 1634
ხელისუფლება არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ზუგდიდში 9 ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს

ზუგდიდის მერის არჩევნებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე ხელისუფლება ზუგდიდში იწყებს 9 ქუჩის მასშტაბურ რეაბილიტაციას. ქუჩების რეაბილიტაციაში, სულ მცირე, 12 მილიონი ლარის დახარვა იგეგმება. ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს არის დანიშნული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაისში დაიწყება თაბუკაშვილისა და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია, რაშიც ხელისუფლება 7.7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რეაბილიტაცია 5 თვეში დასრულდება.

ხელისუფლება ასევე აანონსებს კოსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის 2.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას. თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და ჯერ ტენდერიც არ არის გამოცხადებული. 

უწყებისვე ცნობით, წლის განმავლობაში ზუგდიდში დაგეგმილია კიდევ 6 ქუჩის რეაბილიტაცია: ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1.48 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ლაზის ქუჩის 2.08 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჩიქობავას ქუჩის 1,65 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბარამიას  ქუჩის 1.25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია სპეციალურად არჩევნებს დაამთხვია და რეალურად, უკვე წლებია, ზუგდიდის ქუჩები მოუწესრიგებელია.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები  15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 59.3 მლნ ლარია. 10 ობიექტზე  სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 42.2 მლნ ლარია, ხოლო 17 ობიექტზე წლის განმავლობაში  ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი