ახალი ამბები

მთავრობამ მოქალაქეს 1940 წელს გამოშვებული გერმანული პისტოლეტი “დაუბრუნა”

23 აპრილი, 2019 • 5531
მთავრობამ მოქალაქეს 1940 წელს გამოშვებული გერმანული პისტოლეტი “დაუბრუნა”

საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოქალაქე ოთარ მიქაძეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 1940 წელს გამოშვებული გერმანული ცეცხლსასროლი იარაღი parabellum 08 სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდა.

შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

parabellum 08 პისტოლეტი 1898-დან 1948 წლამდე გამოდიოდა. მისი შემქმნელი გეორგ ლუგერია, ამიტომ ამ იარაღს ლუგერის პისტოლეტადაც მოიხსენიებენ.

მოქალაქე ოთარ მიქაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ეს იარაღი მისი საკუთრება იყო და წლების წინ ჩამოართვეს ერთ-ერთი გამოძიების ფარგლებში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მისმა ადვოკატმა იარაღის უკან დაბრუნება მოითხოვა და ახლა დაუბრუნეს.

სახელმწიფომ მიქაძეს იარაღი იმ პირობით დაუბრუნა, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთან სამართლებრივ დავაზე უარს იტყვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი