ახალი ამბები

შეაფერხეს თუ არა 21 აპრილს პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი? – შსს-ს პასუხი

23 აპრილი, 2019 • 897
შეაფერხეს თუ არა 21 აპრილს პანკისში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი? – შსს-ს პასუხი

მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ 21 აპრილს, პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად, სამართალდამცველებმა დააკავეს, მაგრამ ეს ამბავი დამალა, რათა ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია არ გამოეწვია.

“მე ვიყავი დაკავებული და ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ, ამას არ მოჰყვეს  დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია”, – განუცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებული არ ყოფილა, თუმცა არ აკონკრეტებენ, შეაყოვნეს თუ არა პანკისში მიმავალი მაჩალიკაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” მთელი დღის განმავლობაში პასუხობენ, რომ ამ საკითხს “არკვევენ” და ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მაჩალიკაშვილის თქმით კი, სამართალდამცველები მას გომბორის უღელტეხილზე დახვდნენ, საიდანაც ჯერ გურჯაანის მიმართულებით, შემდეგ კი თელავში წაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში მანქანაში თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა.


21 აპრილს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა გადაადგილების თავისუფლება იმ დროს შეუზღუდეს, როდესაც თბილისიდან პანკისში მიდიოდა. ვაშაძის თქმით, მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმაცია თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” უარყო.

“არავის დავუკავებივარ. გზაზე გამაჩერეს და კულტურულად დამისვეს რამდენიმე კითხვა პანკისში მიმდინარე მოვლენებზე. რამდენიმე წუთში განვაგრძე გზა პანკისისკენ. გზაში ვარ”, – უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა – მაჩალიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი