ახალი ამბები

IDFI არქივების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს

23 აპრილი, 2019 • 1016
IDFI არქივების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში დაწესებულია ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი რეგულაციები.

IDFI-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოში საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პარლამენტს წარუდგინა “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონდებლო წინადადება.

IDFI-ის შეფასებით, პრობლემურია ის, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი” და “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონი აწესებს პერსონალურ მონაცემთა შემცველ დოკუმენტებზე წვდომის მეტად შემზღუდველ რეგულაციებს და ამ მხრივ უზრუნველყოფილი არაა საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, საარქივო დაწესებულებები უარს ამბობენ, გასცენ 1944 წლის შემდეგ შექმნილი დოკუმენტები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, რადგან არ არის გასული 75 წელი მათი შექმნიდან.

“თუ ისტორიკოსი მოისურვებს, სრულფასოვნად შეისწავლოს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და დაწეროს მონოგრაფია, მას მოუწევს 2064 წლამდე მოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საარქივო დაწესებულებები უარს განაცხადებენ გასცენ დოკუმენტები პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით”, – ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

კანონის სხვა ჩანაწერის მიხედვით, საქმეების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში ნახსენები პიროვნებები 30 წელს მეტი ხნის გარდაცვლილები არიან. ამ შემთხვევაში, საარქივო დაწესებულება ითხოვს აღნიშნულის დოკუმენტურ დადასტურებას და მათთან გარდაცვალების ცნობების წარდგენას.

“არქივებთან დაშვების საკუთარი შეხედულებით რეგულირების მანკიერი პრაქტიკა”, ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც არქივის მკვლევარი შიძლება 1 დოკუმენტს 9 სამუშაო დღე ელოდოს.

IDFI მიუთითებს კიდევ ერთ პრობლემაზე – საქართველოს ეროვნულ არქივში და შსს არქივებში მოქმედებს  ასლის გადაღების მაღალი საფასური, ხოლო საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით აკრძალულია სამკითხველო დარბაზში.

IDFI-ის საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია:

  • ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ სახელმწიფო საიდუმლოების, პერსონალურ მონაცემთა (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა) შემცველი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა სამეცნიერო-კვლევით მიზნებისთვის;
  • ეროვნულ საარქივო ფონდებზე დაშვების შესახებ განცხადებათა განხილვის ვადებისა და განცხადებათა აღრიცხვის ვალდებულების კანონის დონეზე დარეგულირება;
  • სამკითხველო დარბაზში დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება;
  • დაზიანებული და დაკარგული საქმეების სიის საჯაროობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი