ახალი ამბები

შსს-ს თქმით, მარშის მშვიდობიანად ჩასატარებლად მაქსიმუმს გააკეთებენ – თბილისი პრაიდი

23 აპრილი, 2019 • 1293
შსს-ს თქმით, მარშის მშვიდობიანად ჩასატარებლად მაქსიმუმს გააკეთებენ – თბილისი პრაიდი

ივნისში თბილისში დაგეგმილია “თბილისი პრაიდის” ჩატარება. როგორც “ღირსების მარშის” ორგანიზატორი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას ჰპირდება.

“შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად, სავარაუდოდ, მაისში გასაჯაროვდება”, – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” დღევანდელ, 23 აპრილის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, “თბილისი პრაიდის” გუნდმა 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს არსებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.

როგორც “თბილისი პრაიდი” აცხადებს, სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესს მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავენ და მოვლენების განვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას როგორც ქვიარ თემს, ასევე- მხარდამჭერებს.

“პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა, რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი”, – აცხადებს “თბილისი პრაიდი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი