ახალი ამბები

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, მომავალში გადასახადების ზრდის პრევენციაა – მინისტრი

23 აპრილი, 2019 • 896
დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, მომავალში გადასახადების ზრდის პრევენციაა – მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემის ამოქმედებით მთავრობამ მომავალში გადასახადების ზრდის პრევენცია მოახდინა.

კითხვაზე, საპენსიო შენატანი არის თუ არა გადასახადი, მაჭავარიანი პასუხობს, რომ 2%-იანი შენატანი გადასახადს ჰგავს, თუმცა რეალურად გადასახადი არ არის, რადგან შენატანი ბიუჯეტში არ შედის და მისი დაგროვება ხდება ანგარიშზე, რომელსაც საპროცენტო განაკვეთი ერიცხება.

“ჩვენს ბებია-ბაბუებს დაბალი პენსია ჰქონდათ და სიღარიბეში იყვნენ, ჩვენს მშობლებსაც დაბალი პენსია აქვთ. თქვენ გინდათ, რომ ჩვენს შვილებსაც დაბალი პენსია ჰქონდეთ?! თუ პენსიის დაგროვება სავალდებულო არ გვექნება, საბაზო პენსია ან ყოველთვის დაბალი იქნება, ან თუ გაიზრდება, აუცილებლად მაღალი საგადასახადო ტვირთის შედეგად. აი, მაშინ ნახეთ, რას ჰქვია საგადასახადო ტვირთი.  მომავალში გვინდა პენსია გავზარდოთ. თუ დაგროვებითი სისტემით არ წავედით, მაშინ საგადასახადო განაკვეთი გაიზრდება და იქნება ისეთივე, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია. შესაბამისად, დაგროვებითი პენსიის შემოღება ნიშნავს იმას, რომ დავაზღვიოთ სამომავლოდ გადასახადების ზრდა. მომავალი მთავრობები ზეწოლის ქვეშ რომ იქნებიან თქვენნაირი პოპულისტებისგან, ხელი არ გაექცეთ და გადასახადები არ გაზარდონ”, – ამბობს მაჭავარიანი.

ამ განცხადების შემდეგ ევროპული საქართველოს წევრებმა მინისტრს გაახსენეს გადასახადების ზრდის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლითაც რეფერენდუმის გარეშე, მთავრობა გადასახადს ვერ გაზრდის, აქციზის გარდა. გიგა ბოკერიამ მინისტრს ჰკითხა გაეხსენებინა, ვისი მმართველობის დროს გაჩნდა ეს ჩანაწერი.

ფინანსთა მინისტრმა არ უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას, გაეზარდათ თუ არა სავალდებულო საპენსიო შენატანით ხარჯები და შეუმცირდათ თუ არა ხელფასი მოქალაქეებს. დღეს, 23 აპრილს, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრები ფინანსთა მინისტრს უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი