ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 ოქტომბერი, 2014 • • 3863
ბაჩო ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციას”, ბრალი 2014 წლის 12 იანვარს წარუდგინა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად, თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორ მეგის ქარდავას. კერძოდ, ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით (წამება), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). სასამართლომ დღეს ახალაია დამნაშავედ არ ცნო მხოლოდ 333-ე მუხლთან დაკავშირებით.

 

მეგის ქარდავას კი ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მასაც 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

გამოძიების ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ. გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბ. ახალაიას დავალებით გ.გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან, რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით, დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა – 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ გ.გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გ. გორგაძისთვისაც მიეხედათ.

 

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით  ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები – გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ. ახალაიამ და მ. ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს,  ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით.

 

დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე, თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე, ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების- გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის #1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის –  N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში. 

 

ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ  ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც  გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება, საერთო ჯამში, გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაჩენი გამოუტანეს, ასევე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს, რომლებიც 2014 წლის 13 მარტს დააკავეს და რომლებსაც ბრალი წაუყენეს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი ამავე მუხლებით აქვს წაყენებული ბაჩო ახალაიას ძმას, დათა ახალაიას.


სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს მიესაჯათ 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.


განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად ბაჩო ახალაია. მისმა ცოლმა ანი ნადარეიშვილმა გუშინ ღამით ფეისბუქში დაწერა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას “ფარსში”, რადგან მისი თქმით, “ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ძალადობამ, მოსამართლეზე ზეწოლამ და მუქარამ შედეგი გამოიღო და მოსამართლე ბუგიანიშვილი უკანონო განაჩენს გამოიტანს ბაჩო ახალაია საქმეზე”.


ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალახაზ ველიჯანაშვილმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი