ახალი ამბები

დაჯარიმდებით 200-დან 500 ლარამდე – გაფრთხილება ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით

23 აპრილი, 2019 • 1072
დაჯარიმდებით 200-დან 500 ლარამდე – გაფრთხილება ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, “ჭიაკოკონობაზე” არ დაწვან საბურავები, რადგან აღნიშნული ქმედება ჯარიმდება 200-დან 500 ლარამდე. ასევე, საბურავის წვის შედეგად მნიშვნელოვნად ბინძურდება გარემო და ზიანდება ადამიანის ჯანმრთელობა.

საქართველოს ნაწილში ტრადიციული რიტუალი “ჭიაკოკონობა” აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს იმართება, ზოგ რეგიონში კი ამ რიტუალს მარიამობას, 28 აგვისტოს ასრულებენ.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

სამინისტროს ცნობით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცხადებს, რომ ისინი დააჯარიმებენ ყველა იმ პირს, ვინც საბურავებს დაწვავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი