ახალი ამბები

დამპატიჟონ ყავაზე და მივალ – გახარია “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე

22 აპრილი, 2019 • 1191
დამპატიჟონ ყავაზე და მივალ – გახარია “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მომავალ კვირას პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში, პლენარულ სხდომაზე წარდგება, თუმცა არ აკონკრეტებს, მივა თუ არა კომიტეტში “ევროპული საქართველოს” მოთხოვნის საფუძველზე, რასაც რეგლამენტი ავალდებულებს.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მომავალ სასესიო კვირის ფარგლებში მოუსმენს. “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლა ითვალისწინებს გაწეულ მუშაობაზე ანგარიშის გაცნობას და სამოქმედო გეგმაზე საუბარს, ასევე, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას.

თუმცა, ამას გარდა, “ევროპული საქართველო” შს და ეკონომიკის მინისტრებს პანკისში ჰესის მშენებლობისა და ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იბარებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი