ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის გუშინ დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი დამალა, რათა პანკისში ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბულიყო.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველები მას გომბორის უღელტეხილზე დახვდნენ, საიდანაც ჯერ გურჯაანის მიმართულებით, შემდეგ კი თელავში წაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში მანქანაში თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა.

“მე ვიყავი დაკავებული და ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ, ამას არ მოჰყვეს  დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობას იმის ჭკუა არ აქვს, რომ ეს განესაზღვრა, ან ჩემი დაკავებით ხეობაში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა ჰქონდათ გამიზნული”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გუშინ, 21 აპრილს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართალდამცავებმა გადაადგილების თავისუფლება იმ დროს შეუზღუდეს, როდესაც თბილისიდან პანკისში მიდიოდა. ვაშაძის თქმით, მაჩალიკაშვილი გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმაცია თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” უარყო.

“არავის დავუკავებივარ. გზაზე გამაჩერეს და კულტურულად დამისვეს რამდენიმე კითხვა პანკისში მიმდინარე მოვლენებზე. რამდენიმე წუთში განვაგრძე გზა პანკისისკენ. გზაში ვარ”, – უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ამავე თემაზე:

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებიათ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.