გახარიას თქმით, პროკურატურა პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

შს მინისტრმა, პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, პანკისში 21 აპრილის დაპირისპირებისას დაშავებული სამართალდამცველები მოინახულა და კიდევ ერთხელ გაანცხადა, რომ დილის 08:00 საათზე ადგილზე მხოლოდ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იმყოფებოდა, რათა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, მშენებლების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

“მას შემდეგომ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი, რომელიც შსს, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე აღძრულია პროკურატურაში – იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას… ჩვენ აქ აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით”, – განაცხადა გახარიამ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურის პრესსამსახურს, სადაც ამბობენ, რომ “პანკისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია”, თუმცა რა მუხლით, არ აკონკრეტებენ.

“შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თითოეული სამართალდამცავის უფლებებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო მოქალაქის და პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი”, – აცხადებს გახარია. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება მხოლოდ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აქვს დაწყებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.