ახალი ამბებისამართალი

პოლიციელები, რომლებსაც სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ, ახლაც მუშაობენ

23 აპრილი, 2019 • 2383
პოლიციელები, რომლებსაც სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ, ახლაც მუშაობენ

გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც სასტიკ ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებენ, დღემდე [22 აპრილი] აგრძელებენ მუშაობას. მათ უფლებამოსილება არ შეჩერებიათ. ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქმე ორ სხვადასხვა შემთხვევას ეხება, რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე მოხდა — უჩა ილაშვილის დაკავებას და ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებას. 22 აპრილს უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ საქმეების ფარგლებში უფლებამოსილება არცერთი სამართალდამცავისთვის არ შეუჩერებიათ, „პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და დაადგენს, რეალურად რა მოხდა როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში“.

რა საქმეებზეა საუბარი? 

ერთ-ერთი საქმე ეხება გურჯაანელ უჩა ილაშვილს, მეთევზეს, რომელსაც, ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. შემთხვევა, ადვოკატის თანახმად, 22 მარტს მოხდა.

ილაშვილი ხელს ადებს პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაურს და ერთ-ერთ პოლიციელს, ალექსანდრე შაკიაშვილს. მათ დღემდე არ შეწყვეტიათ უფლებამოსილება.

ნეტგაზეთთან საუბარში ილაშვილის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს: „არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება. ეფექტური გამოძიების შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე უნდა იყოს მიღებული, უკვე უნდა ყოფილიყვნენ კონკრეტული ბრალდებულები“.

მეორე საქმე ეხება გურჯაანის სოფელ კაჭრეთის მკვიდრს, 55 წლის ზვიად მთავრიშვილს, რომელიც, ოჯახის თანახმად, სიკვდილამდე პოლიციელებმა აწამეს პოლიციის შენობაში და სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა 15 აპრილს. არც იმ პოლიციელებისთვის შეუჩერებიათ უფლებამოსილება, ვისაც ამ დანაშაულზე აკისრებენ პასუხისმგებლობას.

ამ საქმეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) სწავლობს. საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს: „ვფიქრობთ, რომ 333-ე მუხლი [ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება] ზოგადი მუხლია, ამ ნაწილით არ უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება. ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ პირი, შესაძლოა, დაექვემდებარა წამებას, მაშინ როდესაც პოლიციის შენობაში და, შესაბამისად, სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის პირობებში იმყოფებოდა, გამოძიება სპეციალური მუხლით უნდა წარიმართოს — წამების ან/და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით“.

[yellow_box]ზვიად მთავრიშვილის საქმე[/yellow_box]

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გურჯაანის რაიონული სამმართველის თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას თავის ტკივილები აწუხებდა. მოვლენები, ოჯახის თანახმად, ასე განვითარდა:

2019 წლის 22 მარტს ოჯახში შეკამათების და 112-ში ზარის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ [პროკურატურის თანახმად, მთავრიშვილს დასთან ჰქონდა კონფლიქტი]. გარდაცვლილის დის განმარტებით, გამოკითხვის მიზნით, პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილი გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას სცემეს. მთავრიშვილი სახლში დაბრუნების შემდეგ თავის ტკივილს უჩიოდა და ამბობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს. მისი მდგომარეობა მეორე დღეს გაუარესდა, ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო და მეხსიერების პრობლემები შეექმნა.

რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები

„22 მარტს, ღამით, სახლიდან წაიყვანეს და გზაში სცემეს. 22-ის მერე სულ თავის ტკივილები ჰქონდა, 30 მარტს კომაში ჩამივარდა… როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი… გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს ან გადმოაგდეს, არ ვიცი… ტელეფონზე რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს; ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ”, – განუცხადა რუსთავი 2-ს გარდაცვლილის დამ.

„წაიყვანეს, სცემეს და მოკლეს. შე კაი კაცო, შენა, დავაშავე რაღაცა? დამიჭირე და დამსაჯე! ეგრე უნდა მცემო, რომ მომკლა? თან, კიდევ, გამოუშვეს მერე – წადი, მოგვწყდი აქედანო. ეს არის ამათი გაკეთებული საქმე. მე 88 წლის უნდა გავხდე და ის კიდევ… მამამისიც ადრე წავიდა…” – ამბობს გარდაცვლილის ბიძა, რომელიც პოლიციელების დასჯას მოითხოვს. 

მთავრიშვილი პირველ აპრილს გურჯაანის საავადმყოფოში უგონოდ გადაიყვანეს. დიაგნოზად დაუსვეს „ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა“, კომა. იმავე დღეს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ღუდუშაურის კლინიკაში ნეტგაზეთს 16 აპრილს განუცხადეს, რომ პაციენტს ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჰემატომის ევაკუაცია გაუკეთდა (სისხლჩაქცევის ამოკვეთა), რის შემდეგაც მოათავსეს რეამინაციულ განყოფილებაში, თუმცა 15 აპრილს გარდაიცვალა.

საიას ინფორმაციითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკამრისობა“…

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 16 აპრილს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს დეტალურად შეისწავლიან, რომლის შედეგებსაც უახლოეს დღეებში საზოგადოებას და მხარეს აცნობებენ. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება.

საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, ისინი სწრაფ გამოძიებასა და ოჯახის წევრის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ ნეტგაზეთს უთხრა:

„დროულად უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოიკითხონ ოჯახის წევრები, ასევე ყველა სხვა პირი, რომელსაც ინფორმაცია აქვს. ამოიღონ კამერის ჩანაწერები, თუკი არსებობს. ჩატარდეს სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის არცერთი წევრი არ არის ცნობილი დაზარალებულად. მოხდეს მათი ცნობა, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, საქმის მასალებს გავეცნოთ“.

[ნახეთ ვრცლად: საია პროკურატურას მოუწოდებს, მთავრიშვილის საქმეზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩაატაროს]

[yellow_box]უჩა ილაშვილის საქმე [/yellow_box]

უჩა ილაშვილი გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებს — პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაურს და ერთ-ერთ პოლიციელს, ალექსანდრე შაკიაშვილს ადებს ხელს. ილაშვილის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ასე აღწერს განვითარებულ მოვლენებს:

22 მარტს უჩა ილაშვილი მოქალაქე თორნიკე ტურიაშვილთან ერთად ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდა. ამ დროს, ადვოკატის თანახმად, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, სახელად ბესიკ შუბითიძემ, გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა ორივე მათგანს.

საპირისპიროს აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს თანახმად, ბესიკ შუბითიძეს „სამოქმედო ტერიტორიის გეგმური შემოვლის დროს მდინარე ალაზანზე ბრაკონიერებმა სანადირო თოფით მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს“.

თუმცა, ადვოკატის თანახმად, პირიქით მოხდა, — მეთევზეებს შუბითიძემ გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი დადგეს სცენა, თითქოს პირველად „ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს“.

მაგრამ ამბავი აქ არ სრულდება. მეორე დღეს, დაკავებისას, ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელებმა ცემითა და არაადამიანური მოპყრობით წაიყვანეს ილაშვილი და ტურიაშვილი განყოფილებაში. „ამ ფაქტის შემსწრენი ეხვეწებოდნენ პოლიციელებს, ნუღარ სცემთ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ შემოგაკვდებათ და ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერიო”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა 4 აპრილს.

მისივე თქმით, უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში ცემით აიძულებდნენ, მეგობრის საწინააღამდეგო ჩვენება მიეცა, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ჩოფიკაშვილის თქმით, სწორედ დროებითი განთავსების იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანება ილაშვილს სხეულზე. ადვოკატის თქმით, ამას ასახავს შემდეგი დოკუმენტი:

დოკუმენტი უჩა ილაშვილის სხეულის დაზიანებებაზე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მოგვიანებით დაკავებულები სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. ადვოკატის თანახმად, ილაშვილი 26 მარტს ხელმეორედ დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

4 აპრილს მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთის კითხვაზე პასუხად განაცხადა: “ერთია, რას ამბობს ადვოკატი, მეორე – რას იტყვის გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვერ მოგახსენებთ. ვინ ისროლა პირველი, ვინ მეორე, ვინ იყო მართალი… ეს ხომ გამოძიების ნაწილია“.

პროკურატურა ამ საქმესაც 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ადვოკატის თანახმად, თუკი გამოძიება შესაბამისად არ წარიმართება, საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

[ნახეთ ვრცლად: პოლიციელებს ძალადობაში, გარემოს დამცველ ინსპექტორს კი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ]

[yellow_box]წინა საქმეები გურჯაანის პოლიციაში[/yellow_box]

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ. მაგალითად, ადგილობრივი გამოცემა Reginfo-ს თანახმად, 2015 წელს 19 წლის ლადი ელიკაშივლი, რომელიც თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს გურჯაანის საავადმყოფოში, ამბობდა, რომ გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში სცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს;

გამოძიება იმავე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიუციათ. ამასთან, ელიკაშვილი სხვებთან ერთად ადანაშაულებდა გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეს, შოთა მოსულიშვილს. მოსულიშვილი 2016 წელს გურჯაანის პოლიციის უფროსად დაინიშა, 2018 წელს კი- ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

2015 წელსვე, რეგინფოს წინამორბედის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, გურჯაანის სოფელ ვეჯინში პოლიციელებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ცემეს, მოგვიანებით კი ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, სადაც ეწერა, რომ კიბეზე დაგორდა და დაზიანებები მაშინ მიიღო.

პროკურატურა ამ საქმეებზე გამოძიებას იმავე, 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აწარმოებდა.

ნეტგაზეთი 23 აპრილს დაუკავშირდა პროკურატურას კითხვით, დააკავეს თუ არა ამ საქმეებზე ვინმე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ ამავე მასალაში. ბოლო ინფორმაციით, 2018 წელს reginfo წერდა, რომ გამოძიება გრძელდებოდა და არცერთი პოლიციელი არ იყო პასუხისგებაში მიცემული.

მასალების გადაბეჭდვის წესი