ახალი ამბები

საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე – სუსი აგენტების გამოვლენაზე

22 აპრილი, 2019 • 1644
საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე – სუსი აგენტების გამოვლენაზე

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

ანგარიშის ღია ნაწილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა წარმოადგინა, რის შემდეგაც სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ლილუაშვილს დაუსვეს კითხვა რუსეთის ჯაშუშების გამოვლენის შესახებ.

“რბილი ძალის” მეშვეობით ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისევე როგორც მასმედიაზე. რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ჩვენ ოპოზიციასთან ერთად შევთანხმდით დახურულ ფორმატში, რომ გამოვლენილი აგენტებით კამერების წინ კეკლუცობით ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზე, რომლებიც შემჩნეულები არიან არა მხოლოდ “რბილი ძალის” ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერი საგანი”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი აზრით, წარსულში ამ მიმართულებით დაშვებულმა არასწორმა ნაბიჯებმა უკუშედეგი მოიტანა.

“საქმის წარმოება მიმდინარეობს 169 პირზე, დაკვირვების მხრივ მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. მთავარი არ არის დაკავება – შეიძლება განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მისცე. ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურები იყენებენ არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებს.  არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც საკმაოდ სპეციფიკური თემაა”, – განაცხადა ლილუაშილმა.

მისი თქმით, “ესენი არიან აქტიური პირები, რომელთა ნაწილი, მათ შორის, რუსეთის ინტერესებს ემსახურება”.

გრიგოლ ლილუაშვილმა დამატებითი დეტალების შესახებ საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია. “ნეტგაზეთს” სუს-ში ვერ დაუკონკრეტეს, რომ 169-ვე ადამიანის მიმართ აგენტურულ საქმიანობაში მონაწილეობის კუთხით მიმდინარეობს საქმის წარმოება, თუ ამ რიცხვში უწყება მოიაზრებს რბილი ძალის გავლენის ქვეშ მყოფ პირებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი