ახალი ამბებისამართალი

უცნობია, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე დაიწყება თუ არა გამოძიება

22 აპრილი, 2019 • 1158
უცნობია, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე დაიწყება თუ არა გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ, დაიწყება თუ არა გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც დაუკავშირდა აღნიშნული კითხვით, თუმცა არც მათგან მიგვიღია ოფიციალური პასუხი.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის თვალწინ სასტიკად სცემეს.

  • შსს-მ გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

“პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები”, – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის, 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. დაშავებულთა დიდი ნაწილი უკვე სახლებში გაწერეს, თუმცა რამდენიმე ისევ რჩება კლინიკაში.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, თუ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიციის მანქანების დაწვა და სამართალდამცველების მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევა იქნება გამოძიების დისკუსიის საგანი, ეს არ მოგვცემს სრულ სურათს.

ვრცლად:

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი