ახალი ამბები

პრეზიდენტის შეფასებით, “ოცნებამ” ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა

22 აპრილი, 2019 • 1212
პრეზიდენტის შეფასებით, “ოცნებამ” ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის 2020 წლის არჩევნების შემდეგ დანიშვნას, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი.

“ჩემ მიერ პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და, ამავდროულად, ემსახურებოდეს ერთ მიზანს – არჩეულ იქნას საზოგადოების მხრიდან ძლიერი ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთო მეორე მოსმენის პროცესში და ჩაატარა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან.

“ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია. მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა, ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ფარული კენჭისყრა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი