ახალი ამბები

პოლიციელებზე ძალადობა მიუღებელია – პრეზიდენტი პანკისის მოვლენებზე

22 აპრილი, 2019 • 1284
პოლიციელებზე ძალადობა მიუღებელია – პრეზიდენტი პანკისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციელებზე ძალადობა მიუღებელია.

“პოლოციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწოფოში მიუღებელია. მით უმეტეს, მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზს – ჰესის მშენებლობას, ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა.

“ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს”, – დასძინა ზურაბიშვილმა.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი მათი მანქანები დაწვეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი