ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ჰესის უსაფრთხო მშენებლობისთვის დახმარება კომპანამ ითხოვა

22 აპრილი, 2019 • 1636
ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ჰესის უსაფრთხო მშენებლობისთვის დახმარება კომპანამ ითხოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც პანკისის ხეობაში გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს-ს მიმართეს კომპანიის თხოვნის საფუძველზე:

“გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება” ,- აცხადებენ ეკნონომიკის სამინისტროში.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას გაეცანით ბმულზე:

ჰესი უნდა აშენდეს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი