ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში რუსეთ-აფხაზური შეთანხმების პროექტის შემუშავება ცალკეულმა ჯგუფებმაც დაიწყეს

21 ოქტომბერი, 2014 • • 1092
სოხუმში რუსეთ-აფხაზური შეთანხმების პროექტის შემუშავება ცალკეულმა ჯგუფებმაც დაიწყეს

რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტერგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტზე, რომელიც რუსეთის მხარემ მოამზადა, პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ პოლიტიკური პარტიის “ამცახარა” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

 

პრეზიდენტმა მათთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსგავსი ტექსტით დოკუმენტს აფხაზეთის მხრიდან ხელი არ მოეწერება. 

 

მისივე თქმით, მის მიერ ინიცირებულია ამ საკითხზე ფართო დისკუსია. ამჟამად აფხაზეთის პარლამენტსა და სხვადასხვა უწყებას დავალებული აქვს აფხაზური მხარის მიერ წარმოსადგენი ვარიანტის შემუშავება.

 

პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ პროექტის შედეგებით იქნება ფორმირებული რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციაც.

 

პარტია “ამცახარას” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მომზადებულ პროექტს კრიტიკულად აფასებენ. 

 

პარტიის თანათავმჯდომარემ გარიკ სამანბამ განაცხადა, რომ პარტიაში ასევე მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების საკუთარი პროექტის ხედვაზე და უახლოეს მომავალში მას პრეზიდენტს წარუდგენენ. 

 

აღნიშნული შეთანხმების ცალკეულ მუხლებზე მღელვარება გამოხატა “არუაა”-მ  [1992-1993 წლების აფხაზეთის სამამულო ომის ვეტარანთა რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია], რომელიც მიიჩნევს, რომ შეთანხმების აღნიშნული პროექტი აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

 
“ამავე დროს ორგანიზაცია აცნობიერებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კავშირის აუცილებლობასა და თავად შეთანხმების იდეას. ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოხდეს შეთანხმების პროექტის ანალიზი აფხაზეთის კონსტიტუციასთან და აქამდე ხელმოწერილ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებთან შესაბამისობაში.

 

ჩვენ ჩვენი მხრიდან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით წინადადებებს ვამზადებთ. რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 


13 ოქტომბერს აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი მიიღეს. დოკუმენტი ხელმოწერილია მოსკოვში და გამოგზავნილია სოხუმში, როგორც დიპლომატიური არხებით მოწოდებული რუსეთის წინადადება. ახლა დეპუტატებმა შეთანხმების თავიანთი ვარიანტი უნდა წარმოადგინონ – ამასთან, ეს ორი კვირის ვადაში უნდა გააკეთონ! როგორც კრემლში ვარაუდობენ, თავად შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იყოს ხელმოწერილი.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი