ახალი ამბებიკომენტარი

მაჭარაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესის პროექტი ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგება

22 აპრილი, 2019 • 2836
მაჭარაშვილი: პანკისის ხეობაში ჰესის პროექტი ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგება

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობაში ხადორი 3 ჰესის გარემოს ზემოქმედების შეფასება (გზშ) ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი ჰესების მშენებლობა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რამდენიმე დირექტივას ეწინააღმდეგება:

“წარმოებული გარემოს ზედამხედველობის ანგარიშები და პროექტები არ შეესაბამება ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივას, ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივას, ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივებს. ეს არის ის დირექტივები, რომლებიც ზოგიერთი უკვე სავალდებულოა [საქართველოსთვის] შესასრულებლად, ზოგი კი ასოცირების ხელშკრულებით გარკვეული წლების შემდეგ იქნება სავალდებულო და ასეთი ჰესების მშენებლობა იქნება შეუძლებელი.

მაგალითად, შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ყველა ამ წესებს,  რომ მდინარეში რჩებოდეს მხოლოდ 10% წყალი და 90% მიდიოდეს ტურბინებში. ის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და ევროკავშირის გარემოს დაცვის მოთხოვნებთან. ამის შესახებ “მწვანე ალტერნატივამ, საიამ და EMC-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები” – ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, გარემოსდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, პროექტი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში განხორციელდეს, რაც ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციებშიც წერია:

“ევროპარლამენტის ორი რეზოლუცია არსებობს. ერთი, რომელსაც შეუერთდა საქართველო ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას და მეორე, ასოცირების ხელშეკრულების შეფასების ანგარიშში.  პირდაპირ წერია, რომ ჰესების მშენებლობა უნდა წარიმართოს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ და ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ ამას ვითხოვთ და არა საბჭოთა კავშირის წესებით, როგორ ნებართვებსაც აცხობენ ეს კომპანიები და რაზეც გარემოს დაცვის სამინისტრო ხელს უწერს”, – ამბობს “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი.

მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა ეჭვის საგანს წარმოადგენს იმიტომაც, რომ ის იმავე პირების მიერაა მომზადებული, რომლებმაც ანალოგიური დასკვნა “დარიალჰესის” შემთხვევაშიც მოამზადეს. მაჭარაშვილის თქმით, დარიალჰესის პროექტზე გზშ “გამას” მიერ არისმომზადებული:

“ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპარტამენტის გეოეკოლოგიურ გართულებებზე რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლის, ზაურ დოლიძის ექსპერტული დასკვნა დარიალჰესის პროექტზე. ის სულ 3 სიტყვისგან შედგება: “არ მაქვს შენიშვნები”. ამ და მსგავსი “ექსპერტიზის” საფუძველზე გაიცა დარიალჰესის მშენებლობის ნებართვა. ამ ჰესს რამდენჯერმე გადაუარა გლაციალურმა მეწყერმა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ექსპერტმა და მისმა კოლეგებმა არ დაწერეს, რომ ამ ადგილზე – დევდორაკის მყინვარის წინ – მშენებლობა არ შეიძლება. ათამდე ადამიანი დაიღუპა სტიქიის შედეგად. ჰესის გზშ კომპანია “გამამ” შეასრულა, პროექტი კი კომპანია “ფერიმ” განახორციელა”, – ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში ხადორი 3 ჰესის გზშ-ც “გამამ” მოამზადა და მასაც “ფერი” აშენებს, უცვლელია გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტიც.

მაჭარაშვილის თქმით, ყველა ჰესს თავისი რისკი აქვს და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია:

“სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სამართლიანად იძახის, რომ ჩვენს სასმელ და მტკნარი წყლის რესურსებს შეექმნება პრობლემა და რეალურად ეს ასე იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი  კი ამბობს, რომ  გეოლოგიური რისკები არ არსებობს და, შესაბამისად, სხვა რისკებიც არ არსებობს. ან ის რატომ უნდა დავუჯეროთ, როცა ვიცით, რომ გეოლოგიური რისკებიც არ იყო სათანადოდ შეფასებული. გარემოს ზემოქმედების დოკუმენტი ისე გაიცა, რომ კვლევები არ იყო დასრულებული. დაუსრულებელ კვლევებზე გაიცა და პირობად უწერია, ნებართვა აიღოს და მერე გააკეთოს კვლევებიო”, – ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ EMC-ს ამ საკითხზე სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. ორგანიზაცია და გარემოსდამცველთა ნაწილი მიიჩნევენ, რომ გზშ და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვა, ადგილობრივ კანონმდებლობას არ შეესაბამება. ისინი უნდა გაუქმდეს და დოკუმენტები თავიდან, კვლევების საფუძველზე მომზადდეს:

“ჩვენ გვაქვს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და სამართლებრივად ასე უნდა მოხდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ შეესაბამება კანონმდებლობას, ის უნდა გაუქმდეს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მშენებლობის ნებართვა უნდა გაუქმდეს და თავიდან თუ ჩაატარებს და მიიღებს, კი ბატონო, მაგრამ ეს თავიდან უნდა დაიწეროს.

სამართლებრივად პროცესი ასეა, არაფერი მოლაპარაკება და მოსახლეობის 90 პროცენტი იქნება თანახმა თუ რა, საქართველოს კანონმდებლობა ასეთ მექანიზმებს არ იცნობს. საქართველოს კანონდებლობა ამბობს, რომ თუ არასწორად ჩატარდა, ნებართვა არ უნდა გაიცეს. რახან გაიცა, ჩვენ სასამართლოში გვაქვს და სასამართლომ უნდა გააუქმოს და თავიდან ჩაატარონ კვლევა. თუ თავიდან ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლებელია, შესალებელია.

როგორ უნდა დაარწმუნო ადამიანი იმაში, რისი დარწმუნებაც შეუძლებელია. ის, რასაც ისინი დარდობენ, რომ წყლის რესურსებთან ხელმისაწვდომობა შეუმცირდებათ, ეს რელურად არის მოსალოდნელი და როგორ უნდა დაარწმუნონ ამაში, კომპანიას ამაზე აქვს ასეთი პასუხი- თუ ჭები დაგიშრებათ და წყალი დაბინძურდება, მოვალთ და ყველას წყალს დაგირიგებთ. ეს, მე მგონი, დაცინვაა ადგილობრივი მოსახლეობის”, – ამბობს მაჭარაშვილი.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი