ახალი ამბები

პროვოკაცია და ძალადობა, მათ შორის, პოლიციის მიმართ, მიუღებელია – მთავრობის ადმინისტრაცია

21 აპრილი, 2019 • 1094
პროვოკაცია და ძალადობა, მათ შორის, პოლიციის მიმართ, მიუღებელია – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე აცხადებს, რომ პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის, პოლიციის მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია.

“მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება”, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მთავრობისვე განცხადებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

“სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს “ფერიმ” ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე ჰესის „ხადორი 3-ის” მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5.4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია არის 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობისმშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნებაეკოლოგიაზე”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობა ასევე საუბრობს, თუ რა სარგებელს ნახავენ ადგილობრივები ჰესის მშენებლობით.

“პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად  შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება”, – აცხადებს მთავრობა და დასძენს, რომ მზად არის, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივებს ჰესთან დაკავშირებით.


პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი