ახალი ამბები

დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცრაზმი პანკისის ხეობიდან — არასამთავრობოები შსს-ს

21 აპრილი, 2019 • 3701
დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცრაზმი პანკისის ხეობიდან — არასამთავრობოები შსს-ს

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სპეციალური დანიშნულების რაზმი პანკისის ხეობიდან, სადაც ასობით დემონსტრანტი გამოვიდა „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ. 21 აპრილის დილას სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, ისინი გადადგომისკენ მოუწოდებენ ეკონომიკის ახლადდანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას.

ორგანიზაციები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“ მოუწოდებენ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალისგამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.
  • დაუყოვნებლივ გადადგეს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.
  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარემოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.
  • პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;
  • დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით.

[red_box]რას ამბობენ ორგანიზაციები?[/red_box]

ნეტგაზეთი არასამთავრობოების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„1 წელზე მეტია პანკისის ხეობის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა. ჰესების ნებართვების დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკები, მათ შორის, სასმელ წყალზე მისი ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამოდინარე, ადგილობრივები უთითებენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენას მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.

2019 წლის 21 აპრილს სრულიად მოულოდნელად ხადორი 3 ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. პოლიციამ შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა გამოიყენა საპოლიციო ძალა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სახით. ინფორმაცია ვრცელდება პროტესტის მონაწილე მშვიდობიანი პირების დაშავების თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმის დახმარებით მშენებლობის პროცესის განახლება მოხდა ისე, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ ქონდა ამოწურული ადგილობრივ თემთან მოლაპარაკების რესურსი. ბოლო კვირებში პანკისის ხეობაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტის დროს ითქვა, რომ ხელისუფლება დაგეგმავდა ექსპერტების მონაწილეობით ამ საკითხის განხილვას. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი საჯარო დაპირება არ შეასრულა.

შსს-ს განცხადების თანახმად, ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალის გამოყვანა, ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დაინიშნა ამ პოზიციაზე, საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად სწორედ ენერგეტიკის სექტორი გამოაცხადა. ნათია თურნავა 2013-2018 წლებში “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ბიოგრაფია აჩვენებს, რომ ის ბიზნეს და ენერგო ინტერესების ლობისტია და ნიშანდობლივია, რომ მინისტრის თანამდებობზე დანიშვნიდან პირველივე დღეებში სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებით ჰესების მშენებლობის დაწყება.

ხაზი უნდა გაესვას, რომ საპოლიციო თუ სხვა სახის რეპრესიული ძალაუფლების გამოყენება ჰესების თუ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად არაერთხელ იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო სისტემურს ხდის პრობლემას და სავარაუდოდ ხელისუფლებაზე ბიზნეს ლობირების მნიშვნელოვან ზეგავლენას წარმოაჩენს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი