ახალი ამბები

“რუსეთი კლავს” – პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის გორში გამოსვლა გააპროტესტეს

20 აპრილი, 2019 • 1873
“რუსეთი კლავს” – პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის გორში გამოსვლა გააპროტესტეს

გორში რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენის, ვლადიმერ ხომერიკის საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა აქტივისტთა ჯგუფმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააპროტესტეს. კინოთეატრის შენობასთან, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, ისინი რუსეთის ოკუპაციისა და პროპაგანდის საწინააღმდეგო ბანერებით მივიდნენ და ხომერიკი შენობაში სტვენით შეაცილეს.

ვლადიმერ ხომერიკი “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტია, რომელიც თავს “ვლადიმერ პოუტინის ნდობით აღჭურვილ პირად” წარადგენს და აცხადებს, რომ საქართველოს ადგილს “ევრაზიის ფარგლებში” ხედავს.

პრორუსული პოზიციებით ცნობილი ბიზნესმენი  კინოთეატრში, წინასწარ დაანონსებულ შეხვედრაზე შეკრებილებს “სახალხო დიპლომატიის” ეფექტურობაში არწმუნებდა და აცხადებდა, რომ თუ საქართველო და რუსეთი ერთად არ იქნებიან, “მტრები ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან”.

ის ასევე ცდილობდა დამსწრეების დარწმუნებას, რომ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველები “კარგად ცხოვრობდნენ” და დღესაც “საქართველოს ბედი რუსეთის ხელშია”.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს გორი, რადგან იქ იოსებ სტალინი დაიბადა. საბჭოთა დიქტატორი რუსეთში მომუშავე ბიზნესმენმა “უდიდეს ადამიანად” მოიხსენია.

შეხვედრაზე გაჟღერებულ გზავნილებს აქტივისტთა ჯგუფი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კინოთეატრთან აპროტესტებდნენ. “რუსეთი კლავს”, “არა რუსულ პროპაგანდას”, “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა” – ეწერა მათ მიერ შენობასთან მიტანილ ბანერებზე.

აქტივისტებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ფოტო: ვასილისა ჯაბახიძე აქტივისტებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ფოტო: ვასილისა ჯაბახიძე

ხომერიკის სიტყვით გამოსვლის დასასრულს, რამდენიმე აქტივისტმა განცხადებები უშუალოდ დარბაზშიც გააკეთა, რასაც დამსწრეთაგან ხმაური მოჰყვა.

” ეს არის უდიდესი სირცხვილი ამ ქალაქის, სადაც რუსებმა 2008 წელს ბომბები ჩამოყარეს. რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ქალაქის მთავარ მოედანზე  სამოქალაქო პირებს, რომლებიც [რუსეთის აგრესიის შედეგად] დაიღუპნენ”, – ასე მიმართა დარბაზში შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტმა არინა თავაქარაშვილმა.

შენობის გარეთ მყოფმა აქტივისტებმა, შეხვედრის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის პრზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოც დაწვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი